ლაშა დარსალია: თუ რუსეთიდან რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ ისაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თუ რუსეთიდან რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა და დადასტურება, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ რუსეთია და ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს რუსეთი ახორციელებს.
„იქ საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი შეუძლებელია, იყოს, რადგან სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილია. დაკეტილია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე – საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) თავისთავად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობას ითვალისწინებს. ამიტომ, იქ არანაირ საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. განცხადებები იყო საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან. ისინი თავიანთ სურვილებს უფრო აჟღერებენ, ვიდრე – რეალობას. თუ რუსეთიდან რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა და დადასტურება, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ რუსეთია და ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს რუსეთი ახორციელებს. საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად ვერ იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი სოხუმის აეროპორტის გახსნასა და რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების შესრულება ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებასა“ და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები