არჩილ თალაკვაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: სახელმწიფოს ინტერესია, რომ ამ საკითხზე სამართალწარმოება დროულად ამოიწუროს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე, საზღვარგარეთ გასვლა ეკრძალებათ. ​როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.
„ჯერჯერობით, არ გვაქვს ფაქტი, სადაც მათ ითხოვეს საზღვარგარეთ გასვლა და უარი ეთქვათ და მეორე – დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები აწარმოო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებითაც. მე არ ვურჩევ მათ ან ვინმეს, რომ მაინცადამაინც ეს გამოიყენონ, მაგრამ ეს ორი ფაქტორი აქ მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ობიექტურად უნდა ვუთხრათ ორივე შესაძლებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, როგორც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესია, რომ საქმეზე სამართალწარმოება დროულად ამოიწუროს.
​„ერთი წლის წინ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ისე სახელმწიფოს ინტერესებში შედის და უნდა შედიოდეს ის, რომ ეს საქმე და ამ საქმეზე სამართალწარმოება ამოიწუროს დროულად. ამიტომ აქ ბუნებრივი გონივრული ვადები, საჯაროობა, რომელსაც იცავს პროკურატურა და სახელმწიფო არის აუცილებელი კომპონენტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს და იყოს პროცესი გამჭვირვალე. დანარჩენს გვიჩვენებს სასამართლო პროცესი, სადაც მხარეთა შეჯიბრებითობა დაცულია და ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში, სასამართლო.
რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, აეროპორტებსა და ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ და ვაშენებთ, ეს არის ხელისუფლების და მთავრობის საქმე. ეს არის თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ინვესტორებთან. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მომავალი განვითარება და არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ადამიანს და რა თქმა უნდა, არ არის გარანტირებული მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან. ეს არის ინსტიტუციური პროექტები. ამ პროექტებზე ლიდერობა აქვს სახელმწიფოს. ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაიწყო, შესაბამისად, მისი დაყვანა საჯარო დისკუსიაში, რომელიმე ერთ პიროვნებამდე, პარლამენტში, ოპოზიციაში თუ კერძო სექტორში, ვფიქრობ, არის სპეკულაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები