დავით დვალი: წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების, მადლობა, მაგრამ არ გვინდა

“რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი ქიბარ ხალვაშს შეთავაზებაზე პრინციპულ უარს ეუბნება და ამბობს, რომ მისგან საჩუქარი არც მას და არც ჯარჯი აქიმიძეს არ სურს.

აღნიშნული განცხადება დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, ეს ტელევიზია მათ უხეშად და უკანონოდ წაართვეს, ამ ხელისუფლებამ კი ის უკან უნდა დაუბრუნოს.
„რაც   უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. კატეგორიულად მივიჩნევთ, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელს ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ – სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა. მივიჩნევთ, რომ რაც შევძელით  მაქსიმალური გავაკეთეთ. მივიჩნევთ, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე – ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ, არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია. არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, – განაცხადა დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები