გიორგი ცუცუქირიძე: TBC ბანკის დამფუძნებლების საქმის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირება აბსურდია
საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, TBC ბანკის დამფუძნებლების საქმის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირება აბსურდია. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„TBC ბანკის დამფუძნებლების საქმის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირება აბსურდია. ანაკლიის პროექტი მოიგო კონსორციუმმა, რომელსაც წარმოადგენენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ისინი ბოლო ორი წელია, მუდმივად ითხოვდნენ თავიანთი ვალდებულებების გადავადებას. სახელმწიფო მიჰყვებოდა ამას, ახდენდა გადავადებას. აქედან მიბმა, რომ ეს იმოქმედებს ნეგატიურად, არასწორია.
მეორეც – სახელმწიფოს არასდროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რომ ის არ არის დაინტერესებული ამ სტრატეგიული ობიექტით. ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო უკვე გაშვებული ან მშენებლობის პროცესში და მაშინ მომხდარიყო ეს ყველაფერი, კიდევ იფიქრებდი, რომ ვიღაცას შენელება უნდოდა. სახელმწიფოს რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით და სხვა კუთხით, მთლიანად შეასრულა. ვალდებულებების პრობლემა კონსორციუმს ჰქონდა. იმის თქმა, რომ დამფუძნებლებზე საქმის აღძვრა დააფრთხობს ინვესტორებს, არასწორია. ელემენტარულად, შევხედოთ, რა უნდა ექნა სახელმწიფოს? ეს საქმე უნდა გადაედო?“, – განაცხადა ცუცქირიძემ.