“20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოები პროფესიონალურ დონეზე აღასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, მაგრამ, მოგვიანებით, ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი მოქმედებები დაიწყო”

“სიტყვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ყველა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, გამოძიება შედგეს, რათა განისაზღვროს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ძალადობაზე დემონსტრანტების მხრიდან, ვინ არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე სამართალდამცავების მხრიდან.
“პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, 20 ივნისის საღამოს დემონსტრანტები მშვიდობიანად მოქმედებდნენ, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები პროფესიონალურ დონეზე აღასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი მოქმედებები დაიწყო და ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადამეტებული ძალით უპასუხა ამ მოქმედებებს. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია, გამოძიება შედგეს, რათა განისაზღვროს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ძალადობაზე დემონსტრანტების მხრიდან, ვინ არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე სამართალდამცავების მხრიდან. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაშავდა როგორც დემონსტრანტების, ისე – პოლიციის მხრიდან, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ პასუხი აგოს კანონის უზენაესობის შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ დავამატებდი, რომ გამოძიება და ანგარიშვალდებულება არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც მოიტანა 20 ივნისის მოვლენებმა, არის საარჩევნო ცვლილება – 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ასევე, მნიშვნელოვანია საარჩევნო ცვლილებების განხორციელების პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს იმისათვი,ს რომ წინა არჩევნების დროს დაფიქსირებული სხვადასხვა ხარვეზი აღმოიფხვრას და შესრულდეს ეუთო-ს რეკომენდაციები საარჩევო რეფორმასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ამ რეფორმების განხორციელებას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები