მიხეილ ქარელი: პირადად შევესწარი, ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში რომ მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს ავარჯიშებდა

ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2-ის” ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დატანილი.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. პირადად შევესწარი, როდესაც მან პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა, გაეყალბებინათ ხელმოწერა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მზად ვარ, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს წინაშე დავასახელო ამ ადამიანების სახელები და გვარები. ერთ-ერთი ცნობილი ამ საქმეში არის იოსებ გიგუაშვილი – ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაშვილი. ეს მათი ხელწერაა. ასეთი საქმე მათ ჰქონდათ გორშიც, როდესაც ცდილობდნენ, გაყალბებული ხელშეკრულების შექმნით სხვისი ქონების მითვისებას. საქმე ეხება ერთ-ერთ ოფისს გორში. ეს საქმე იყო პროკურატურაში და, საბოლოოდ, დადგინდა, რომ ეს იყო გაყალბებული ხელშეკრულება.
ეს არის იშვიათი არსება, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ ადამიანი გაწიროს, ნებისმიერ ადამიანს ჩაარტყას ზურგში დანა, ნებისმიერ ადამიანს მოუგონოს ისტორიები და გაუვრცელოს, იჭორაოს. ეს იმდენად უზნეო, ბინძური და ამორალური ადამიანია, რომ ყველაფერზეა წამსვლელი.
არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება აქვს, „რუსთავი 2-ის“ მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო – საკუთრების უფლებაზე. მას არანაირი წვლილი შეუტანია ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავი 2-ის” შეძენაში“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები