უბედური შემთხვევა მესტიაში – არასრულწლოვანმა გოგონამ იარაღიდან შემთხვევით გაისროლა და მამა მოკლა
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში უბედური შემთხვევა მოხდა. ტრაგედია გაბლიანების ოჯახში დატრიალდა, რა დროსაც მე-8 კლასელმა გოგონამ, რომელიც იარაღით თამაშობდა, შემთხვევით იარაღიდან გაისროლა და მამა სასიკვდილოდ დაჭრა.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ხაიშის თემში, ოთარ ჭკადუამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევის შედეგად 51 წლის დავით გაბლიანი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ იდლიანის წარმომადგენელმა, ბეჟან ჭკადუამ განუცხადა, დავით გაბლიანი სოფელ იდლიანიდან 12 კმ-ის მოშორებით, კომპანია “ჯეოსელის” საბაზო ცენტრი მუშაობდა და ტრაგედიამდე შვილმა მამას სამსახურში მიაკითხა. მისი თქმით, გოგონა მამის კუთვნილი იარაღით თამაშობდა და შემთხვევით გაისროლა. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ მერვეკლასელი გოგონა ტრაგედიის ადგილს განერიდა და ოჯახის ახლობლები ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
დავით გაბლიანი სოფლის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფოტო: “სვანეთინიუსი”