ტურისტი, რომელიც თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა

ტურისტი, რომელიც თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს სოცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული და გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოში განუცხადეს, კლინიკაში გარდაცვლილი ტურისტი  ჩინეთის  რესპუბლიკის მოქალაქე იყო. მათივე ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს კორეის ორი და ჩინეთის ერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კორეის მოქალაქეა.

რაც შეეხება  უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ კიდევ ერთ კორეელს, ის ამ დრომდე  „ამტელ ჰოსპიტალში“ მკურნალობს. მას  სხეულის მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც „კვირას“  კლინიკის ხელმძღვანელმა, ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ქირურგიულ ოპერაციაზე საუბარი ნაადრევია.
„პაციენტს  ხერხემლისა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, გარდა ამისა – გულ-მკერდის დაჟეჟილობა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ქირურგიულ ოპერაციაზე საუბარი ნაადრევია, სანამ არ დასტაბილურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკა „ამტელ ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა, ლაშა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უბედური შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი  ტურისტი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
ცნობისათვის, გუშინ მეტეხის ტაძრის ეზოში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ტურისტი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 2 თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კვირას შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: სსკ-ის 116 (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და სსკ-ის 124 (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები