ეთერ ცხაკაია: 10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი
“10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი”, – აღნიშნული განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ბავშვები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში და მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი. ასევე, ქართულმა მხარემ მიიღო გარანტიები, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.
„ბავშვები მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. კერძოდ, ისინი განთავსებულნი იყვნენ მიმღებ ოჯახებში, სადაც შექმნილი ჰქონდათ ყველანაირი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდობით აღზრდის პერიოდში, ბავშვები მოინახულეს სახალხო დამცველმა, ბებიამ, ასევე, ამერიკის საკონსულოსა (რადგანაც ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა) და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც შსს-სა და პროკურატურასთან, ისე – ორივე ქვეყნის საელჩოსა და უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციასთან, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულთან ბავშვთა უფლებების საკითხებში და უფლებამოსილ პირთა შესაბამის ჯგუფთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 უკრაინელი ბავშვის უკრაინული მხარისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა მხარემ გარანტიები მიიღო, რომ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ”, – განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.