ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოს ტოვებს -“ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა”
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე, რომელსაც ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს.
შესაბამის განცხადებას ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს. აღნიშნული განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.
მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
პრესსამსახური მახარაძის განცხადებასაც ავრცელებს.
მახარაძე იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას.
„იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – აცხადებს ომარ მახარაძე.