ხულოში შუალედური არჩევნებში რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან, წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ 2 მათგანი ატარებს
ხულოს შუალედურ არჩევნებამდე 8 დღე დარჩა. მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, ბიულეტენში რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მხოლოდ ორი პარტიაა ჩართული. “ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტებიც მხოლოდ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს იცნობენ.
“კვირა” დაინტერესდა მერად რეგისტრირებული სხვა კანდიდატები რატომ არ ჩანან საზოგადოებაში და რატომ არ ხვდებიან მოსახლეობას.
პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” პარტიით რეგისტრირებულ კანდიდატ მამუკა ქობულაძეს ხულოს მერობის სურვილის მიუხედავად, ამომრჩევლებთან შეხვედრა ამ დრომდე არ დაუწყია, თუმცა მოქალაქეებისთვის საკუთარი თავის გაცნობას თავისი აქტივისტების დახმარებით ახერხებს.
“პირადად მე ჯერ არ შევხვედრივარ ხულოს ამომრჩევლებს, თუმცა ჩემი აქტივისტები აქტიურად დადიან ამომრჩევლებთან და აცნობენ ჩემს პროგრამას”, – განმარტა “კვირასთან” საუბარში მამუკა ქობულაძემ.
რა ხერხით დაიწყებს ბრძოლას ოპონენტების დასამარცხებლად ზურაბ ხიმშიაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, კანდიდატი “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ პარტიის მიერაა დასახელებული. როგორც მან “კვირას” განუმარტა, საარჩევნო პროგრამა შედგენილი აქვს, თუმცა პროგრამის შესახებ საუბარი არ ისურვა. მასაც ქობულაძის მსგავსად, მოსახლეობასთან შეხვედრა ამ დრომდე არ დაუწყია.
“ჩვენი პარტია ახალი ჩამოყალიბებულია, ამიტომ ჯერ არ შევხვედრივარ მოსახლეობას, საარჩევნო პროგრამა კი შედგენილი გვაქვს”, – აღნიშნა ზურაბ ხიმშიაშვილმა.
პირველ ნომრად რეგისტრირებული ვახტანგ ბერიძე, რომელიც წარმოშობით მესხია და თბილისში ცხოვრობს, დარწმუნებულია, რომ ხულოს მერად აირჩევენ. თუმცა საარჩევნო პროგრამის შესახებ არ გვესაუბრა, ამომრჩევლებს კი, უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე ხშირად ხვდება.
“არ მაქვს შტაბი, მაგრამ ჩემს პროგრამას ისე ვაცნობ მოქალაქეებს”, – განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
მისი ოპონენტებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის სახელით რეგისტრირებული კანდიდატი, როლანდ აბულაძე გვესაუბრა. როგორც თავად განმარტავს, მოქალაქეები ნდობას გამოუცხადებენ და მერად არჩევის შემდეგ, მნიშვნელოვან ყურადღებას მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილებს.
“სოციალური პროგრამების გაუმჯობესება იქნება ჩემთვის პრიორიტეტული. განსაკუთრებით, ყურადღებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სიძველის შედეგად დაზიანებული სახლების მშენებლობისთვის ხელშეწყობას, ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელ სახლებთან მიმდებარედ ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მივაქცევ. ვიზრუნებ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მნიშვნელოვანია ყველა სოფელში წყალი, გზა, სანიაღვრე არხები და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. გადაუდებელ ოპერაციებს, რომლებსაც სრულად არ ფარავს საყოველთაო დაზღვევა, მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა“, – აღნიშნა როლანდ აბულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხულოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. თუ ვინ გახდება 14 კანდიდატიდან ხულოს მერი, ამას არჩევნების შემდეგ გავიგებთ.