ანრი ოხანაშვილი: სუს-მა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმი ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენს.
„მსგავსი სახის ქმედებები ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მთავარია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, დეპუტატმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს კონკრეტული ორგანოს პრეროგატივაა.
„ეს არის კონკრეტული ორგანოს პრეროგატივა, შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების განხორციელების შედეგად როგორ იმოქმედებს. ჩანაწერი ყველამ ვნახეთ, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ჩანაწერი იურიდიულად გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი დაისმება, რაც საქმეს დაედება. რაც შეეხება რაიმე სახის ანგარიშსწორებას ხელისუფლების მხრიდან – ეს გამორიცხულია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებსა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.