კახა კალაძე: მე არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი2“ ხელისუფლებისთვის პრობლემაა, ქვეყანაში თავისუფლებაა
თბილისის მერი, კახა კალაძე „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საქართველოში სიტყვის გამოხატვის შეზღუდვის პრობლემა ნამდვილად არ დგას.
რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას – მერის თქმით, ამის უფლება ყველას აქვს.
„მე არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლებისთვის პრობლემაა. დღეს საქართველოში გვაქვს თავისუფლება. ჟურნალისტებს არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება.
სარედაქციო პოლიტიკა შეუძლია, გააკრიტიკოს ყველამ. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრება. როგორც ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ისე შეიძლება, გავაკრიტიკოთ სხვადასხვა უწყება, სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია. ამაში რა არის პრობლემა? ყველა ერთნაირ აზრზე უნდა ვიყოთ და ერთნაირი მოსაზრება უნდა გვქონდეს? ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ასე რომ, დემოკრატიულ ქვეყანაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა. იქნებიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ თემებზე ექნებათ სხვადასხვა მოსაზრება, როგორც ეს არის მმართველ პარტიაში. ჩვენ გუნდშიც არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გუნდის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.