,,სოხუმში რომ ქართველობა და პატრიოტიზმი იყო, ასეთი არსად მეგულება“, – თემურ ელიავა
გამძაფრებული ნოსტალგია და სოხუმში ჩაშლილი კონცერტი
მისთვის სოხუმი არასოდეს ყოფილა პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ეს ქალაქი მისი ცხოვრების, მეგობრობისა და სიყვარულის ქალაქია. აფხაზები მას დღესაც სცემენ პატივს. პატივსაცემი სოხუმელი, კონსერვატორიის პროფესორი თემურ ელიავა რუბრიკაში ,,პერსონა“.
– ბატონო თემურ, დღეს, როგორც არასდროს, სოხუმის თემა აქტუალურია, ამიტომ თქვენს პიროვნებაზე საუბარი ამ ქალაქის გახსენებით მინდა დავიწყოთ: გაიხსენეთ ყველაფერი, რაც კი სოხუმთან გაკავშირებთ…
– რა თქმა უნდა, დღეს არა მარტო სოხუმის თემაა აქტუალური, არამედ მთლიანად აფხაზეთია აქტუალური. მაგრამ ჩემთან მიმართებაში,- სოხუმია. სოხუმთანაა დაკავშირებული ჩემი ბავშვობა, სიყმაწვილე, განსაკუთრებით სკოლის პერიოდი. განსაკუთრებით ეს ნოსტალგიური გრძნობა მას შემდეგ გამიმძაფრდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა გვერდი: „გახსოვს სოხუმი?“…
ეს თემა ჩემში პირადად დიდ ტკივილს აღძრავს და, ამავე დროს, მომავლის იმედით ვარ გამსჭვალული, მჯერა, რომ ჩვენ მაინც დავბრუნდებით!
– ცნობილინი არიან პატივცემული სოხუმელები, რომელთა წყალობითაც ეს ქალაქი და მისი ურთიერთობები უნიკალურად ითვლებოდა…
– სოხუმი არის, როგორც მომღერლის, ჩემი კარიერის დასაწყისი, ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა სხვა ჩემს მეგობრებთან შედარებით. მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რაც გამაჩნია – ეს ის მეგობრები არიან, ვინც იქ მყავდა და, მადლობა ღმერთს, ჩემი ურთიერთობა მათთან ახლაც გრძელდება. თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ახლა ძალიან გამიჭირდება გვარების დასახელება, მაგრამ მინდა ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრათ, რომ ახლა -კონკრეტულად სოხუმზე ვამბობ – ისეთი ქართველობა და ისეთი პატრიოტიზმი, რაც იქ სუფევდა, დიდი ბოდიშის მოხდით, სხვაგან არსად მეგულება.
– როგორები იყვნენ თქვენს სფეროში მოღვაწე პროფესიონალები და თქვენი დროის სოხუმის მუსიკალური სამყარო?
– მარტო ერთი გვარის დასახელება საკმარისი იქნება, რომ მიხვდეთ, თუ რა მაღალი დონის ხელოვნება იყო აფხაზეთში, ამ კუთხიდანაა ზურაბ სოტკილავა, რომელიც მსოფლიო დონის ხელოვანია. სულ ახლახან კი,- მსოფლიო საოპერო თანავარსკვლავედზე გამოჩნდა ასევე სოხუმელი მარიკა გულორდავა, რომელიც ჩემი სტუდენტია და რომელმაც ბევრ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. სხვათა შორის, მე და ბატონ ზურაბ სოტკილავას ერთი ძალიან დაინტერესო პროექტი გვვქონდა. არის ასეთი შესანიშნავი აფხაზი ეროვნების მომღერალი ხიბლა გერზმავა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ჩვენ გვინდოდა კონცერტის ჩატარება სოხუმში, (ზურაბ სოტკილავა, ხიბლა გერზმავა, მარიკა გულორდავა და თქვენი მონა მორჩილი), მაგრამ ხიბლამ გარკვეული მიზეზების გამო, ალბათ მიხვდებით რატომაც (აფხაზეთის მხარეს ეს არ მოეწონებოდა), ამ პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა.
– მუსიკა, რომელიც იმ ლამაზი წლების სოხუმურ მოგონებებს ერთგვარ ლაიტმოტივად” ,,გასდევს”?
– გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი ჩემთვის აფხაზური ხალხური სიმღერებია. როგორც მუსიკოსს, მათი მოსმენა ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
– დღეს თუ შემოგრჩათ რაიმე კავშირი აფხაზებთან?
– დღემდე ძალიან ბევრ შესანიშნავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, რითაც ძალიან ვამაყობ.
– მუსიკა საერთაშორისო და ყველაზე დიპლომატიური ენაა, რომელი მუსიკალური ნაწარმოებით გადასცემდით აფხაზეთს თქვენს მშვიდობიან გზავნილს?
– მუსიკას დიდი ძალა აქვს, ძნელია იმის თქმა, მაგრამ ჩემთვის ალბათ ასეთი გზავნილი მსოფლიო შედევრი – ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალი იქნებოდა, სადაც გუნდი მღერის -,,შეერთდით მილიონებო!“…
– თქვენი შვილი მიშო ელიავა „იქს-ფაქტორში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა პოპულარული, რას იტყვით მასზე, როგორც მომღერალზე? იქნებ მასში თქვენი ოცნების რეალიზება მოხდა?
– მიშო სულ ახლახან 20 წლის გახდა და, თქვენი ნებართვით მინდა მიულოცო და მას დიდი წარმატებები ვუსურვო, რადგან წარმატება მას ძალიან სჭირდება. მინდა აფხაზეთის წარმომადგენლობას ვთხოვო, რომ მას მხარი დაუჭირონ. მართალი გითხრათ, მე საკმაოდ წარმატებული მუსიკოსი ვარ კლასიკური მუსიკის სფეროში, მაგრამ ხომ იცით? ,, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”…
თეონა გოგნიაშვილი