„ზურაბ ჟვანიას მკვლელობა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ბიძის ორგანიზებული იყოს“
ქართველი უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დიდი ალბათობით, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შეკვეთით მოკლეს, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა. ამ დაჯგუფების ,,ნათლიმამა“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა იყო. ამის შესახებ კაკაბაძემ ჟურნალისტებს თბილისში მას შემდეგ განუცხადა, რაც გენერალური პროკურატურიდან გამოვიდა.
პროკურატურაში კაკაბაძე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, მოწმის სახით, დაკითხვაზე იმყოფებოდა. კაკაბაძესთან ერთად, დაკითხვაზე გარდაცვლილის ძმა გოგლა ჟვანიაც იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ,,ქართული ოცნება“ მივიდა, ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით მოცული საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ სასწრაფოდ მისცა „უბედური შემთხვევის“ კვალიფიკაცია.
,,არსებობდა და არსებობს მაფია, რომლის ,,ნათლიმამაც“ თემურ ალასანია (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) იყო. ასევე ამ დაჯგუფების წევრი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ეს მაფია იარაღის უკანონო ვაჭრობით უამრავ ფულს გამოიმუშავებდა, შედეგად საქართველოს დიდი ზარალი მიადგა. ამ მაფიის წინააღმდეგ ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია გამოვიდა“, – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
უფლებადამცველის სიტყვებით, დანაშაულებრივი დაჯგუფება ასევე თბილისის აეროპორტის გაკონტროლებას გეგმავდა, რათა იგი იარაღის ტრანზიტისთვის გამოეყენებინა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პერუ, ვენესუელა და სხვა. ზურაბ ჟვანია ამ უკანონობის აღკვეთას ცდილობდა. სწორედ ამიტომ იგი მაფიის მსხვერპლი გახდა.
წყარო: http://www.politrus.com