მარნეულში “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა “ოცნების” წარმომადგენელი სცემა – ექსკლუზივი
მარნეულში 22-ე საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მარნეულის №22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს გიორგი თაბუკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
“კვირასთან” საუბრისას, გიორგი თაბუკაშვილი მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს და ინციდენტის დეტალებზე საუბრობს. “ვიმყოფებოდი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვედი თანამშრომელთან ერთად, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ვინც არის დროებითი კომისიის წევრი – ლაშა ქველაძე, მომიახლოვდა და ჩემ გვერდზე მდგომს უთხრა, გიორგისთან საქმე მაქვსო. მე ვუთხარი, ამ ადამიანთან დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი და ვუთხარი, ეთქვა, რა საქმე ჰქონდა. მან ისევ დაჟინებით მოითხოვა, ცალკე მსურს საუბარიო. დამიწყო საუბარი თავიდან ძალიან მშვიდად, თუმცა შემდეგ აგრესიულ ტონზე გადავიდა. ორი კვირის წინანდელ რაღაც ამბავს მახსენებდა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, ამ ორი კვირის მანძილზე ყოველ დღეს მნახულობ და თუ რამე გეწყინა, აქამდე გეთქვა-მეთქი და ბოდიშს მოგიხდი-მეთქი. ეს იყო და ეს. გამოვერიდე, ნაბიჯი არ მქონდა გადმოდგმული, რომ მომატრიალა და დამარტყა. ფაქტია, უნდოდა პროვოკაციაზე წამოგება, მიწვევდა და რომ არ ავყევი, ფიზიკურად გამისწორდა – ხელი დამარტყა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მივიღე “, – აცხადებს გიორგი თაბუკაშვილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.