ბიძინა ივანიშვილი: ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა და ხელები ექავება და არა მარტო „ნაცმოძრაობას”
„გიორგი გუგავას განცხადება წავიკითხე, რომ ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ჩვენ უნდა დავიწყოთ ქუჩაში გამოსვლები, თანაც უვადო გამოსვლები, რაღაც აქციები. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, „ქართული ოცნება“, აკეთებს რეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოსთხოვონ ის, რისი გაკეთებაც შეეძლო და არ გააკეთა.
„როდესაც ეკონიმიკაზე მიგვანიშნებენ, აი გუგავა გამოდის და ჩვენ პერმანენტული აქციები უნდა გავმართოთო, იმიტომ რომ რთული სოციალური ფონიაო, – ჩვენ უნდა მოგვთხოვონ ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო და ვერ გავაკეთეთ, ამაზე უნდა იყოს საუბარი. არა, ამაზე არ საუბრობენ, ჩვენ რატომ ვართ შვეიცარიაზე უარესი, ან რატომ ვართ საფრანგეთზე უარესი.
გაიხედონ, ვინც ამაყობენ იმ 21 წლით, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ, დაღმასვლა მივიღეთ ჩვენ ჩვენი გამოუცდელობით და ემოციურობით და დავანგრიეთ ეკონომიკა და ათწლეულობით უკან გადავაგდეთ, ჩვენ რეალობიდან ვაკეთებთ თითქმის მაქსიმუმს. აქ მოვიდნენ და გვეკამათონ, „ქართული ოცნების“ დანაშაულზე როცა მიდის საუბარი. უკანაც რომ არ წავსულიყავით, ევროპისგან ჩვენ ძალიან შორს ვიყავით, ევროპის ეკონომიკა გაცილებით, 10-ჯერ უკეთესია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტით ეს იზომება, ამ დისბალანსს, ამ სიღარიბეს მოკლე დროში ვერ დავძლევთ. პოლიტიკურად ამას სჭირდება სტაბილური გარემო, თუ გვინდა რომ ინვესტიციაც მოვიზიდოთ, რაც მეშვიდე წელია უპრეცედენტოა სტაბილურობის საქართველოს ისტორიაში და ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა და ხელები ექავება და არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.