„კარგა ხანია, საკუთარ თავთან თუ ალტერ ეგოსთან არ მისაუბრია“, ანუ ლელა ზურებიანის „ერთი დღე „ყოველდღედან“

არსებობენ ჩვენს გვერდით შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც, ქვეყნის ხმაურს გაშორებულები, საკუთარ სამყაროში ჩუმად და სიკეთით ცხოვრობენ. ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ უყვართ, მაგრამ სწორედ ასეთი ქართველების წყალობითაა, რომ საყოველთაო ინტეგრაცია ვერაფერს დაგვაკლებს. იცნობდეთ,- ლელა ზურებიანი.

– ლელა, რუბრიკას ჰქვია „პერსონა“, რას იტყვით საკუთარ თავზე, რითი განსხვავდებით სხვებისგან,- როგორია თქვენი ვერბალური პორტრეტი?
– ვარ 37 წლის ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ბევრით არაფრით განსხვავდება სხვა ქალებისგან. მყავს ოჯახი, ქმარი და ორი შვილი. რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მას მერე ვმუშაობ პრესაში,- ვარ ჟურნალ „რეიტინგის“ თანამშრომელი, ამავე ჟურნალის ლიტერატურული სერიებით გამოსული რამდენიმე წიგნის მთარგმნელი და შემდგენელი, საბავშვო გამოცემების რედაქტორი, ვწერ მოთხრობებს, რომელთაგან რამდენიმემ ლიტერატურულ კონკურსზე გაიმარჯვა. ვარ მშობლებისთვის განკუთვნილი ვებგვერდის რედაქტორი. მახარებს ყველაფერი, რაც პოზიტიური, ნათელი და სახალისოა გლობალურად თუ ჩემს ოჯახში. მახარებს ჩემი შვილების პატარ-პატარა წარმატებები, მახარებს ის, რომ ღმერთის წყალობით მაქვს კარგი ოჯახი, მყავს კარგი მეგობრები და მაქვს საქმე, რომელსაც სიყვარულით და ერთგულებით ვემსახურები. მაწუხებს ის მასშტაბური გაუნათლებლობა, უწიგნურება, უკულტურობა, ძალიან დიდი აგრესია და გარყვნილება, რამაც საკმაოდ იმატა ჩვენ გარშემო და რასაც ისევ წიგნიერებით, რწმენით, სულიერებით უნდა ვებრძოლოთ.10384957_753598908004607_1224148352_n
-როგორია დღევანდელი ქართული საზოგადოება , – როგორც ერთი ადამიანი შეგიძლიათ, ის დაახასიათოთ?
– ახლა ძალიან მოდურია ქართული საზოგადოების ლანძღვა, თუმცა არ მგონია, მხოლოდ სალანძღავი იყოს. ზუსტად ისე, როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, მასაც აქვს ბევრი სისუსტე და ბევრი დადებითი თვისებაც. უბრალოდ, გარკვეული ეტაპები აქვს ცხოვრებაში (სხვათა და სხვათა ხელშეწყობით), როცა სისუსტეებს მეტად ავლენს, ვიდრე ღირსებებს. მძიმე წლების, მეტად მრავალფეროვანი და სინამდვილეში სულაც ერთნაირი პოლიტიკური პერიპეტიებისა და ქარტეხილების, ათასგვარი დევიზისა და მოწოდების ფონზე, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეინარჩუნა უწინდელი ღირსებები – ქართველობა ჯერაც საამაყოა, ის ტრადიციები, რომელთა შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ დაცულია, და ოჯახის სიწმინდე ჯერაც ფასეულია. მართალია, გარშემო მრავლად არის სიბინძურე და აგრესია, მაგრამ მე მგონია, ქართული საზოგადოება მეტ კეთილგონიერებას გამოიჩენს, სულიერად მეტად გაძლიერდება, გათავისუფლდება უცხოთა გავლენისგან და ამ მძიმე პერიოდსაც გადალახავს.
– ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობიდან ეთაყვანებით?..
-კონკრეტული ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობიდან ვეთაყვანები, არ არსებობს. ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო წიგნი, რომელიც იმ პერიოდში ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე… ახლა ხშირად კიცხავენ ბავშვებს, რომ წიგნების კითხვა ეზარებათ, არადა, მათ ასეთი დიდი დოზით აქვთ კომპიუტერი და ტელევიზორი. ეს სავსებით გასაგებია, – სამწუხარო, მაგრამ გასაგები. თუმცა, ვფიქრობ, რომ სახლში მაინც ყოველთვის უნდა იყოს ბევრი კარგი წიგნი და, რაც მთავარია, წიგნის კითხვის კულტურა არსებობდეს, რადგან ბავშვები, პირველ რიგში, უფროსებისგან იღებენ მაგალითს. ასეთ შემთხვევაში, ერთხელაც მოვა ის დრო, როცა ბავშვი მივა წიგნთან და დაიწყებს კითხვას. პირადი მაგალითით შემიძლია ამის ახსნა.
– როგორი იყო თქვენი ბავშვობისდროინდელი ორეული?..
– თბილისში დავიბადე და სვანეთში ვიზრდებოდი. თუმცა ჩვენი ოჯახი მესტიაში გადავიდა საცხოვრებლად, მამა იქ მუშაობდა, მისმა უზომო სიყვარულმა კი ვერაზე დაბადებული და გაზრდილი დედაჩემიც სვანეთში წაიყვანა და იქ გავატარე უბედნიერესი ბავშვობა. სულ ვნატრობ, ჩემს შვილებს ისეთი ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ, როგორიც მე მქონდა: მთები, ტყე, მდინარე, თოვლი, უამრავი ბავშვი, უამრავი თამაში, სილაღე და თავისუფლება. ძალიან ცელქი ვიყავი და უზომოდ მიყვარდა თამაში… წიგნების თაროები ყოველთვის სავსე იყო,- დედასაც უზომოდ უყვარდა კითხვა და მამასაც. მამა ძალიან კარგი ორატორია და პოეზიის დიდი მცოდნე და მოტრფიალე. დედა სულ გვიკითხავდა, მამა ლექსებს კითხულობდა ხმამაღლა. თუმცა მე თვითონ წიგნის დიდხანს კითხვა მეზარებოდა, რადგან სულ თამაში მინდოდა. როგორც კი გაკვეთილებს მოვამზადებდი, მაშინვე ეზოში გავრბოდი. არ შემეძლო, გულგრილად მომესმინა ბავშვების ჟრიამულისთვის. დედა კი,- მსაყვედურობდა: დროა, წიგნის კითხვა სერიოზულად დაიწყოო…
ერთხელაც სვანეთს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, ალბათ ბევრს ახსოვს ის მძიმე პერიოდი, ზვავის ჩამოწოლა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თითქმის მთელი თვე იყო გლოვისა და უძრაობის პერიოდი, შუქი არ გქვონდა, გზები ჩაიკეტა, ყველა შეწუხებული დადიოდა. ეზოში თამაშსა და სკოლაში სიარულზე ლაპარაკი ზედმეტია. სწორედ მაშინ, მოწყენილობისა და უსაქმურობისგან, გახურებულ ღუმელთან მიმჯდარმა, სანთლის შუქზე დავიწყე ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი წიგნის წაკითხვა, რომელშიც ერთად იყო „კარლსონი“ და „პეპი გრძელი წინდა“. ჩემთვის მაშინ ეს აღმოჩნდა ნამდვილი გადატრიალება. იმდენად ამბავს არ მოუხდენია გავლენა, რამდენადაც წიგნის კითხვის სიამოვნება გამოვცადე.10419667_753598971337934_241405812_n
მაშინ მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ არც ისე დიდი. ამის მერე შემიყვარდა უზომოდ კითხვა. პირველი გმირი, რასაკვირველია, პეპი იყო, რომელთანაც ბევრ საერთოს ვპოულობდი. მერე ძალიან მატირა „პოლი და ვირჟინიმ“, მიყვარდა დევიდ კოპერფილდი, როგორც გმირი, თბილად მახსოვს „ადამიანი ამფიბია“, საყვარელი სალამურა, ცოტა უფრო დიდს დოსტოევსკის რასკოლნიკოვი მომწონდა… თუმცა გმირებს იმდენი გავლენა არ მოუხდენიათ ჩემზე, რამდენადაც თვითონ წიგნებს. წიგნის კითხვის პროცესი იყო ძალიან საყვარელი. ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, იქ კიდევ უფრო მეტად განივრცო ჩემი თვალსაწიერი ამ მხრივ და ძალიან ბევრი საყვარელი მწერალი თუ წიგნი აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, დღევანდელი დაძაბული ცხოვრების გადამკიდე, წიგნების წასაკითხად დრო არ მრჩება, შვილებისთვის წაკითხვა უფრო პრიორიტეტულია. ჯობს, ის მცირე დრო, რაც მითავისუფლდება, მათთვის წიგნების შეყვარებას დავუთმო.
-ლეილა, ეს რაც შეეხება იმას, როგორი მკითხველი ხართ და საკუთარ თავზე, როგორც მწერალზე, რას იტყვით?
– უფრო ხშირად, ჩვეულებრივ, რეალურ და ყოველდღიურ ამბებზე ვწერ, იმაზე, რაც ბევრისთვის ასე ახლობელია. ადამიანები, ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები, ჩემი თუ სხვათა მოგონებები, ემოციურად დატვირთული მოვლენები ხდება ხოლმე იმის ბიძგი, რომ რამე დავწერო. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო მოთხრობა „ლამზირა“, რომელიც „ანეულსა“ და ჟურნალ „დაქალში“ დაიბეჭდა, ნამდვილ ამბავზეა აგებული, ერთი ქალის ძალიან ტრაგიკულ ბედზეა. ეს ქალი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია და იგი ნამდვილად არსებობს… ძირითადად, პატარა პროზაულ ნაწარმოებებს ვწერ, მოთხრობებს, ჩანახატებს, ერთი-ორია შედარებით უფრო დიდი ზომის.
– თქვენს ოჯახში შემოქმედებითი ადამიანი მარტო თქვენ არ ხართ, დედაც, დეიდაც, ძმებიც..
– პირველ რიგში, დედა არის ძალიან შემოქმედებითი ადამიანი. შესანიშნავად ხატავდა, წერის ნიჭიც ჰქონდა, თუმცა არ გაჰყვა არცერთ ამ სფეროს და მშობლების რჩევით, ეკონომისტობა არჩია. თუმცა მისი შემოქმედი ნატურით ყოველთვის ვიყავით გარემოცული. ბავშვობიდან გვაყვარებდა კარგ მუსიკას, კარგ წიგნებს, მხატვრობას, მოგზაურობას, გვიწყობდა ხელს, რომ ჩვენი უნარები გამოგვევლინა და ძალიან ლაღად გვზრდიდა. ხატვის ნიჭი მეც და ჩემს ორივე ძმას გამომყვა. მას მერე, რაც მუშაობა დავიწყე, აღარ მივბრუნებივარ ფუნჯსა და ფანქარს, ჩემი ორივე ძმა კი თავისუფალ დროს ძალიან საინტერესოდ და თავისებურად ხატავს… შემოქმედებითი ადამიანია ასევე დეიდაჩემი, ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი, რომელიც ძალიან კარგად წერს და ხშირად იბეჭდება „ანეულში“.
რაც შეეხება თარგმანს, ამ საქმეს რომ შევეჭიდე, ეს მთლიანად ჩემი მშობლიური ჟურნალის „რეიტინგის“ დამსახურებაა. სწორედ მისი პროექტებისთვის ლიტერატურული სერიებისთვის დავიწყე თარგმნა. პირველი პროექტი დეტექტივები იყო, საკმაოდ საინტერესო და სახალისო. მერე იყო მოთხრობების სერია. ამ სერიისთვის გაკეთებულ თარგმანებს შორის გამოვარჩევდი იაპონელ ავტორებს – იუკიო მისიმასა და ედოგავა რამპოს, ასევე ჰოვარდ ლავკრაფტს, ქეთრინ მენსფილდს, ჩემი საყვარელი მარკესის მოთხრობებს. კინორომანების სერიაში განსაკუთრებით საინტერესო იყო „ფრანკენშტაინი“.
– სამყარო, რომელშიც თქვენს თავს ბედნიერად გრძნობთ…
–  სრული ბედნიერება არ არსებობს და ვერც იქნება, როცა ჩვენ გარშემო ამდენი მშიერი, უბედური და საწყალი ადამიანია, კვლავ ომი და სისასტიკეა და უამრავი გლობალური თუ ლოკალური პრობლემაა მოსაგვარებელი. თუმცა იმისთვის, რომ ხანდახან მაინც იგრძნოს თავი ბედნიერად, სინამდვილეში სულ ცოტა უნდა ადამიანს. მე მაბედნიერებს ის, რომ ვარ ბედნიერი ქალი ,- შევქმენი ოჯახი საყვარელ ადამიანთან, ღმერთმა მაჩუქა ორი შვილი, ჩემთვის საყვარელი და ახლობელი ადამიანები ჩემ გარშემო არიან და ჯანმრთელები არიან. მაქვს საყვარელი საქმე და თვითრეალიზების საშუალება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის. მაქვს შემოქმედებითი და პიროვნული თავისუფლება…
– ლელა, როგორია თქვენი ალტერ ეგო და ხშირად თუ ეკამათებით მას (რაზე)?
– კარგა ხანია, საკუთარ თავთან თუ ალტერ ეგოსთან არ მისაუბრია. იმდენი საფიქრალი და საქმნელი მაქვს, საკუთარი „ეგოებისთვის“ ვეღარ ვიცლი. თუმცა ალტერ ეგო ძალიან განსხვავებული არ უნდა იყოს ჩემგან, მით უმეტეს, ახლა, როცა უკვე 37 წლის ვარ და საკუთარი თავი, ასე თუ ისე, ვიპოვე, შევიცანი, შევისისხლხორცე. უფრო ადრეულ წლებში მეტად იყო შინაგანი კონფლიქტები, ცოტა უფრო მეტი თავისუფლების წყურვილი, გარკვეულ კომპლექსებთან ბრძოლა, ახლა ამათგან უფრო თავისუფალი ვარ.
– რითი იწყება თქვენი ცხოვრების დღე?
– ერთი მოთხრობა მაქვს „ერთი დღე „ყოველდღედან“, რომელმაც რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსზე ჟიურის პრიზი დაიმსახურა. სწორედ იქ მაქვს აღწერილი, როგორ იწყება ჩემი დღე… ხშირად მიკვირს, რას როგორ ვასწრებ, თუმცა, თუ მოინდომებ, ადამიანის შესაძლებლობები მაინც განუზომელია.
დილით 7-ზე ან 8-ის ნახევარზე ვიღვიძებ. ვდგამ ჩაიდანს, რომ უფროსი შვილის გაღვიძებამდე უცებ წავიხემსო, ვრთავ აუცილებლად კომპიუტერს და სანამ ბავშვს ავაყენებ, ვასწრებ ერთი ან ორი მასალის დაწერას, მერე ვაღვიძებ ჩემს შვილს ლუკას, ვამზადებ სკოლისთვის და 9-ის ნახევარზე ვადგებით სკოლის გზას. უკან დაბრუნებული უმცროს შვილს – გეგას ვაღვიძებ, რომელსაც ვამზადებ ბაღისთვის და მიმყავს ბაღში. თუ იმ დღეს სამსახურში არ ვარ წასასვლელი, ვბრუნდები სახლში და, ვითარების შესაბამისად, ვმოქმედებ. მე და ჩემი დედამთილი ვინაწილებთ საოჯახო საქმეებს – დალაგებას თუ სადილის გაკეთებას, შუალედებში კვლავ კომპიუტერია, რომელიც მუდმივად ითხოვს ჩემს ყურადღებას, რადგან სულ მაქვს რაღაც საკეთებელი –  დასაწერი, წასაკითხი, მოსაძებნი… მერე მოდის ისევ ბავშვის სკოლიდან მოყვანის, მეცადინეობის დრო. ვცდილობ, აუცილებლად ჩემი მეთვალყურეობით იმეცადინოს და როგორც კი შემიძლია, არ მოვაკლო დედის ყურადღება და ზრუნვა… დანარჩენი დღეც ასე მიდის – ძირითადად, სულ საქმეებში… თუ სამსახურში მივდივარ, დანარჩენ საქმეებს ჩემი დედამთილი და ჩემი ქმარი ინაწილებენ. ჩემი ოჯახის წევრების დახმარების გარეშე გამიჭირდებოდა ამდენი რამის მოსწრება… თავისუფალი დრო იშვიათად მრჩება და მასაც ბავშვებთან ერთად ვატარებ – სადმე მიმყავს, სტუმრად, დასასვენებლად, გასართობად.
-კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამდით ახლა…
– ვკითხავდი, ვცხოვრობ თუ არა ისე, როგორც მინდოდა და ისე, როგორც ბავშვობაში წარმომედგინა? ბავშვობაში ვოცნებობდი, ბავშვთა სახლში მემუშავა, უდედმამო ბავშვებზე მეზრუნა და მყოლოდა ძალიან ბევრი შვილი. ეს ოცნება პირდაპირ არ ამისრულდა, თუმცა ბავშვების გარემოში საკუთარი თუ სხვისი ბავშვების გარშემო მაინც ვტრიალებ. გულწრფელად ვფიქრობ და ვღელავ მათ ბედზე, ვაკეთებ მათთვის საბავშვო გამოცემებს და ვწერ აქტიურად სტატიებს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო დაცულები, ბედნიერები და წიგნიერები, მშობლები კი,- მეტად მომთმენნი, გაგებულნი და შემწყნარებლები იყვნენ.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები