ანა ნაცვლიშვილი: თუ ეს კანონი დამოუკიდებელ სასამართლომდე არ მიგვიყვანს, მაშინ ვსვამ კითხვას – რა საჭიროა ის?

“პერიფრაზი რომ გავაკეთოთ ძალიან ცნობილი, გენიალური ფილმიდან: ეს კანონი დამოუკიდებელ სასამართლომდე არ მიგვიყვანს. მაშინ ვსვამ კითხვას, რა საჭიროა ეს კანონი?” – ამის შესახებ იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტის ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ სასამართლოს დაპატრონებულ კლანს  უზენაესი სასამრთლოს ხელში ჩაგდება გაუადვილოს.
„უკვე მერამდენე წელია, გრძელდება ბრძოლა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
ახლა არის გადამწყვეტი ფაზა სასამართლოსთვის ბრძოლისა, ვინაიდან უზენაესი ინსტანცია, უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ არ არის კლანის სრული კონტროლის ქვეშ. ამიტომ, ის, თუ ვინ და როგორი კადრებით დააკომპლექტებს უზენაეს სასამართლოს, განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების ბედს არა მომავალი 5 ან 10 , არამედ – 30 – 40 წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მიმდინარეობს ასეთი გამალებული ბრძოლა კლანის მხრიდან, რომ მათ როგორმე უზრუნველყონ მათთვის სანდო და მათ მიმართ მორჩილი ადამიანებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მათ ამის ღია და ურცხვი მდელობა უკვე ჰქონდათ დეკემბერში, როცა კანონის საწინააღმდეგოდ ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია გადაუგზავნეს პარლამენტს და, ამის შემდეგ, იყო საზოგადოების ძალიან სერიოზული აღშფოთება. მზარდი აღშფოთების საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, შეექმნა სამუშაო ფორმატი, რომლის შედეგადაც დაწერდა კანონს და დაარეგულირებდა კანდიდატების შერჩევის, წარდგენისა და, საბოლოოდ, არჩევის პროცედურას. პარლამენტის თავმჯდოამრემ ზუსტად ის ადამიანები დაპატიჟა ამ სამუშაო ჯგუფში, რომელთა ძალაუფლებაც უნდა შეიზღუდოს კანონპროექტის შედეგად. ბუნებრივია, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი ძალაუფლება კი არ შეიზღუდოს, არამედ – სრულიად დაცული იყოს.
მარტივად ვიტყვი, პერიფრაზი რომ გავაკეთოთ ძალიან ცნობილი, გენიალური ფილმიდან: ეს კანონი დამოუკიდებელ სასამართლომდე არ მიგვიყვანს. მაშინ, ვსვამ კითხვას – რა საჭიროა ეს კანონი? ამ კანონის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ მან გაუადვილოს სასამართლოს დაპატრონებულ კლანს, უზენაესი სასამართლოც ხელში ჩაიგდოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს იურისტებმა: ანა ნაცლიშვილმა, კახა კოჟორიძემ და მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები