დამოუკიდებელი იურისტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს იურისტებმა: ანა ნაცლიშვილმა, კახა კოჟორიძემ და მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
როგორც ანა ნაცლიშვილმა განაცხადა, გუშინ, ის ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
„მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ჯგუფის სახელით შევხვედროდი გუშინ ვენეციის კომისიას. დეტალურად ვესაუბრე მათ წარმომადგენლებს იმ პრობლემებზე, რომლებიც, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაშია და, ასევე, იმაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონი არაფერს შეცვლის, არაფერს გააუმჯობესებს; პირიქით, ის ქმნის გაუარესების რისკებს.
სიტუაციაში, როდესაც არის მძაფრი პოლარიზება, როდესაც არავინ არავის ენდობა – ერთი მხრივ, საზოგადოება არ ენდობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროფესიული წრეები არ ენდობიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ კლანს მფარველობს უმრავლესობა პარლამენტში, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს შესძინოს ნდობა და ლეგიტიმაცია, ეს არის ისეთი აქტორების ჩართვა და ისეთი პროცედურების უზრუნველყოფა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება იქნება გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის გასაგები, დასაბუთებული. ასეთ გამოსავლად ჩვენ გვესახება საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ჩართვა კანდიდატების შეფასების პროცესში. როდესაც რაიმე ჯგუფი, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი არ იქნება მოსამართლეთა კანდიდატების ერთადერთი შემფასებელი, არამედ – საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში.
ეს არის შეთავაზება, რომელიც გავაჟღერეთ ვენეციის კომისიასთან. დღეს, საჯაროდ ვაჟღერებთ საზოგადოების წინაშე და იმედი გვაქვს, ამ მოსაზრების ირგვლივ საზოგადოების აზრი მობილიზდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თამუნა შეყილაძე