ნათია მეზვრიშვილი: ომბუდსმენის ანგარიშში არსად წერია, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევები გაზრდილია
„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ პოლიციელთა მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევები 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ შინგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი არსად არის.
„ანგარიშში მითითებულია, რომ გაზრდილია დაკავების შემდგომ დაზიანებებით იზოლატორში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, რაც არ მოიცავს დაკავებისას მიღებულ დაზიანებებს. რეალურად, დაკავებისას მიღებულ დაზიანებებსა და დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებს თუ დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არის მნიშვნელოვანი კლება. ამავდროულად, როცა ვსაუბრობთ დაკავებისას და დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებზე, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ყველა შემთხვევაში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი შესაძლო ფიზიკური ძალადობა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, პოლიციელთა მიმართ პრეტენზიების რაოდენობა არის შემცირებული და ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. შესაბამისად, ამ საკითხის ამგვარი ინტერპრეტირება, უბრალოდ, არასწორია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.