„ჩემთვის სიზმარსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს“, ანუ პირველი ტრანსცენდენტალი ქართველი ხელოვანი

მხატვარი რაულ ხალვაში, რომელმაც საქართველოში ტრანსცენდენტალიზმი პირველად დაამკვიდრა. მისი ნახატები მილიარდელების კერძო კოლექციაში ინახება. თავად საინტერესო პერსონაა, შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი პერსონის მიღმა სამყაროს აღქმის უჩვეულო ხედვაა, რაც მის ხელოვნებაშიც ჩანს…

– ბატონო რაულ, თქვენ ხართ ნოვატორი, ანუ ჟანრი, რომელსაც ტრასცენდეტალიზმი ქვია, საქართველოში პირველმა დაამკვიდრეთ…
– მე საქართველოში ტრანსცენდენტალური ჟანრის ფუძემდებელი ვარ. ეს არის საზღვრებს გარეშე ხელოვნება. მხატვრობას, რომელსაც მე ვქმნი, ჩარჩოები არა აქვს, ეს ქვეცნობიერის კარნახით შექმნილი ხელოვნებაა და ამგვარი შემოქმედებითი განწყობა მედიტაციებით მიიღწევა. თავის დროზე ეს ჟანრი საქართველოში მე დავამკვიდრე. ამ ხელოვნებას ყველა ვერ გაიგებს, ის რთული აღსაქმელია. 90 % ჩემი მაყურებელი ვერ იქნება, საამისოდ, განსაკუთრებული ხედვაა საჭირო, შესაძლოა, ადამიანი წარმატებული ბიზნესმენი იყოს, მაგრამ საინტერესო ადამიანი არ იყოს…
– რამდენადაც ვიცი, თქვენი ნამუშევრები მილიარდელების კერძო კოლექციაშია.
– დიახ, ჩემი რამდენიმე ნახატი ცნობილი მილიარდელების კერძო კოლექციაშია. მათთან მოლაპარაკება მაქვს და ამიტომ მათ სახელ- გვარებს ვერ დავასახელებ. სულ 15 პერსონალური გამოფენა მქონდა. მათ შორის გამოვარჩევდი გამოფენებს: ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, 2007 წელს ამერიკის საელჩოში. 2013 წელს კინოთეატრ „აპოლოში“ „რომანოზის გალერეა“ დავაარსე, ეს არის დახურული ტიპის გალერეა, სადაც ყველა ვერ შევა. მხოლოდ ისინი მოხვდებიან, ვისაც დავპატიჟებ. გამოფენას, რომელიც მალე მექნება,- მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემს შემოქმედებაში ძალიან მეხმარება თიკა და გიორგი სვანიძეების ოჯახი, ბატონი გიორგი ჩემი არტმენეჯერია და ჩემი შემოქმედების საკითხების 90 % -ს ის აგვარებს.
– თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ?10410010_752659164765248_896925269_n
– ხელოვანი უნდა იყოს თავდაჯერებული, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მას ეჭვი არაფერში უნდა ეპარებოდეს. თავდაჯერება მისთვის აუცილებელია. ცხოვრებაში ყველაფერს – ნეგატიურსაც და პოზიტიურსაც ვიღებ … ეს ერთი მთლიანი შეგრძებაა ჩემთვის.
ბატონო რაულ, დრო და მოვლენები ცვლიან ადამიანს, თქვენში რამ გამოიწვია გარკვეული ფერიცვალება, მეტამორფოზა?
– ასეთი რამ, მართლაც, იყო: საქმე ისაა, რომ 21 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად რაღაც უბედურება შემემთხვა, რის შემდეგაც ჩემში რაღაც აუხსნელი მოხდა, ამის შემდეგ სრულიად შევიცვალე და  სამყაროსა და ადამიანებისადმი ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა.
– რა არის ის, რაც 20 წლის შემდეგაც არ შეგცვლით?
– ალბათ, ძირითადი თვისება არის ის, რომ არასოდეს მჩვევია უკან დახევა. რაც თავი მახსოვს, ისეთი ცხოვრება მქონდა, რომ არაფერს ვეპუებოდი,- ეს ჩემი ძირითადი თვისებაა.
– წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე დიდი საგამოფენო დარბაზია, სადაც ნახატებია და რომელშიც პერსონაჟები და მნახველებიც არიან..
– თუკი ხატოვნად გამოვთქვამთ, ცხოვრება საგამოფენო დარბაზია, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორც ჩვენ შეგვიძლია ის წარმოვიდგინოთ, თითქოს ვართ სიზმარში, თუმცა ჩემთვის სიზმარიც ისეთივე რეალობაა როგორც ის, ახლა ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ.
– თქვენ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი სიზმრები?
– ხშირ შემთხვევაში, სიზმარი არის წინასწრარმეტყველი, ის კომპოზიციები, რომელსაც მე ვხატავ ხოლმე, მომავალში სრულდება. ხშირად ფერზე მეკითხებიან. აი, მაგალითად ერთ ჩემს ნახატს ეიფორია ჰქვია, და ერთმა ქალბატონმა ცოტა სკეპტიკურად მკითხა, რატომ არის თქვენი ეს ნახატი შავ ფერში გამოსახულიო?  მე მას ავუხსენი, რომ მუქი ეს არ ნიშნავს ნეგატიურს და ცუდს.  იმ ქალბატონმა ზუსტად 5 წუთში ჩემგან რამდენიმე ნახატი იყიდა და ძალიან დიდი ფასი გადაიხადა ამ ნახატში. მოკლედ ცხოვრებაში ყველაფერი ისეთია, როგორი ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩემს ხელოვნებას რეალური კავშირი აქვს ცხოვრებასთან და სიზმართან..
– მხატვარი რომ არ გამხდარიყავით,- რომელ სფეროში იქნებოდით ასეთივე წარმატებული?
– ალბათ წარმატებული რეჟისორი ვიქნებოდი. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემმა მეგობარმა წამიყვანა ქუჩიდან თეატრალურში, სადაც გამოცდებს აბარებდა, კომისიის თავმჯდომარე რეზო ჩხეიძე იყო. ჩემს მეგობარს სარეჟისოროზე ჩაბარება უნდოდა. ბატონმა რეზომ ყველას ჰკითხა: აი, მიპასუხეთ, აქ რამ მოგიყვანათო და ამ 50 კაცში პირველად მე მომმართა: თქვენ რამ მოგიყვანათო? მე ვუპასუხე ის, რაც სინამდვილეში იყო, რომ იქ ვახლდი ჩემს მეგობარს და მასთან ერთად ლუდის დალევა მინდოდა. რეზო ჩხეიძემ ზურამ ცინცქილაძეს გაოცებით გადახედა იმის ნიშნად, ეს რა ხალხი მომიყვანეო, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში ისე მოხდა, რომ რეზო ჩხეიძე მარტო მე მომმართავდა ხოლმე. ბოლოს მითხრა, ხვალაც მოდი და ზეგ თუ გინდა, ნუ მოხვალო, მაგრამ ზეგ როცა მივედი, უკვე რეჟისორობა მინდოდა. მოკლედ, 50 კაცში რეზო ჩხეიძის ფავორიტი გახდი. მაგრამ მე მხატვრობა უფრო მომწონს და ამიტომ მხატვარი გავხდი.10374398_752659201431911_411393182_n
– რეჟისორი რომ გამოსულიყავით, ფილმებს სიზმრებებსა და ქვეცნობიერზე გადაიღებდით?
– ჩემთვის სიზმარსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს, ეს ერთი არსებობის ორი მხარეა. მე შემიძლია რაღაც რეალური ამოცანა სიზმარში გადავიტანო და იქ ამოვხსნა. საერთოდ არ მიყვარს ასეთი დიფერენცირება: ეს თეთრია და ეს შავიაო, ანუ ვიღაცისგან ნასწავლი ცხოვრება. ჩვენ ასე ვიყავით, ასე ვიცხოვრეთ,- ამას ვერ გაიგებ, ამას გაიგებ… მთელი ქვეყანა ასე იყოს. აი ერთმა ცნობილმა ხელოვანმა გამოიტანა სახალხოდ კონსერვის ქილა და თქვა, რომ ეს ხელოვნებააო და ყველამ დაიჯერა, – დიახ, ეს ხელოვნებააო. ევროპასა და ამერიკაში ეს ყველამ იცის, ჩვენ კი საბჭოთა ეპოქაში ჩავრჩით. ვეძებთ რაღაც ზეციურს, რომელსაც შემოქმედებას ვარქმევთ. აქ არც პოპია და არც მოდერნი, იქ კი ეს ყველას ყელში ამოუვიდა. დღეს წითელ მოედანზე ვიღაც სხეულს ისერავს და ეს აღარ არის ავანგარდი.
– ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, მაგრამ ასთ ადამიანთან ცხოვრება რთული ხომ არ არის, როგორ ფიქრობთ?
– მე ვფიქრობ, რომ არა… რაც საინტერესოა, ის დამღლელი არ არის… ის, თუ რა დონის სწორი ენერგია შემაქვს ადამიანებსა და სამყაროში, ეს უკვე ცალკე თემაა..
– ბატონო რაულ, სამ კითხვაზე გამეცით პასუხი: მე ვიცი… მე მინდა და მე ვარ…
– მე ვიცი, რომ ტრანსცენდეტალიზმი მსოფლიო დონეზე იქნება აღიარებული, მე ვარ მხატვარი, მე მინდა, რომ ამის აღიარება ძალიან სწრაფად მოხდეს.

თეონა გოგნიაშვილი

 10416860_752659348098563_1731169365_n

10334355_752659438098554_6597057028776861410_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები