ირაკლი ალასანია: სამშობლო, ღირსება, ერთგულება – ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი
სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალასანიამ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და წვევამდელებს სიტყვით მიმართა – სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს.
“დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ. მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელი დღე მივულოცო მათ, ვინც ფიცი დადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღეიდან თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება – ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.
“მაგრამ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურისთვის ეს არის პირადი ზეიმი. იმიტომ, რომ სწორედ თქვენ დგახართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა რომ იყოს დაცული, თქვენი თავდადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში – საქართველოს შეიერაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი”, – განაცხადა ალასანიამ.