26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედა აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დათო მასურაშვილის დედა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. როგორც გარდაცვილის დედა ანა აზნაურაშვილი აცხადებს, მისი შვილი დიდი სისწრაფით მიმავალმა შავმა ჯიპმა გაიტანა, რომელშიც ანზორ და ბადრი ბიწაძეები ისხდნენ.
„ახლა ყველაფერი პირველწყაროდან შევიტყვე. დაახლოებით ორი თვეა, ყველაფერი დაზუსტებულად ვიცი. წარმოდგინეთ, ესკორტის რამდენიმე მანქანამ გაიარა დიდი სისწრაფით. მისი დაბნელებული კადრები მიიტანეს ექსპერტიზაზე, რომელმაც დაასკვნა, რომ ამ ესკორტს ადამიანისათვის არ გადაუვლია… თუმცა მცირე პერიოდის შემდეგ გიჟური სისწრაფით მოდის ცალკე მანქანა, შავი ჯიპი, რომელშიც ანზორი და ბადრი ბიწაძეები ისხდნენ. სწორედ ეს მანქანა დაეჯახა ჩემს შვილს, რომრლსაც გზაზე მოქალაქე გადაჰყავდა“, – ამბობს ანა აზნაურაშვილი.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძე შვილს „კრუხივით“ სწორედ იმიტომ იცავდა, რომ დათო მასურაშვილის სიკვდილი მისი შვილის კისერზე იყო.
„გახსოვთ კადრები, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პოლიციელებმა ანზორ ბიწაძე რომ აიყვანეს? ნინო ბურჯანაძე თუ გახსოვთ, შვილს კრუხივით რომ გადაეფარა? იცი რატომ წაიყვანეს? დათო მასურაშვილის გარდაცვალების გამო. მერე მოხდა ალბათ მოლაპარაკება და ბურჯანაძის ქმარიც და შვილიც საქართველოს გაეცალნენ. ვვარაუდობ, რომ გარიგება მოხდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ბურჯანაძე თვლის, რომ მე დამაშანტაჟეს, შემაშინეს, მეტიც თურმე ქრთამიც მომცეს. ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით, ერთადერთი ვინც მე დამაშანტაჟა, ნინო ბურჯანაძეა“, – ჰყვება ანა აზნაურაშვილი.
გარდაცვლილი პოლიციელის დედას მისი შვილის სიკვდილის გამო დაჭერილი პირი რეალურ დამნაშავედ არ მიაჩნია და ფიქრობს, რომ მან დანაშაული დაიბრალა.
„მინდოდა, ნამდვილი მკვლელი დასჯილიყო და არა ვიღაც საბრალო კაცუნა, რომელიც, ორ ჭიქას რომ დალევს, მეგობრებში ტირის ქალივით, – მე მკვლელი არ ვარ, დავიბრალეო“, – ამბობს აზნაურაშვილი.

961355_872874086073942_2141205225_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები