როგორია ვაკეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების მდგომარეობა (ვიდეო)

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში 9 პაციენტი რჩება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესა და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, „რეგიონულ ჰოსპიტალში“ მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ზაზა ბოხუას განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკებში 9 პაციენტი რჩება, რომელთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენებს კი უკვე ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ და სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
„რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაყვანილი 4 დაშავებულიდან ერთი უკვე გაწერილია, ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს კიდევ ერთი პაციენტი. ჰოსპიტალში მყოფი 2 პაციენტიდან ერთს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ხოლო მეორეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ამ დროისთვის, სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ჰელსი ჯორჯიაში“ გადაყვანილი ორი პაციენტიდან ერთს უკვე ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ხოლო მეორე ახლა მზადდება საოპერაციოდ.
ოპერაცია ჩაუტარდა „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში“ მოთავსებულ პაციენტს. ის ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა და სპეციალისტთა დაკვირვების ქვეშ რჩება „ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ გადაყვანილი 3 პაციენტი. რაც შეეხება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოთავსებულ 2 პაციენტს, ისინი სამედიცინო კვლევების შემდეგ, უკვე გაეწერნენ ბინაზე.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, დღეს მოხდა. ინციდენტის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები