გოგა ხაინდრავა: თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან კუჭავამ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის, ეკა გიგაურის, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, სადავო განცხადებაში არ იყო ცილისმწამებლური ელემენტები და იყო მხოლოდ შეფასება გოგა ხაინდრავას მხრიდან.
ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისთვის სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება ხაინდრავას იმ განცხადებას, რომ თითქოს, გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილე იყო.
ამ განცხადების გამო ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას სასამართლოში უჩივლა და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდა მოითხოვა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, სადაც განმარტა, რომ მისთვის მთავარი იყო საზოგადოებას გაეცნო, ყოფილი ხელისუფლების დროს რას წარმოადგენდა ეკა გიგაური.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში, ამ სამი წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებენინა საზოგადოებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას სჩადიოდნენ და რას სჩადიან დღეს. სხვა არანაირი აზრი ჩემთვის აქ არ ჰქონდა იმიტომ, რომ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ და ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ,“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მოსარჩლე მხარის, ეკა გიგაურის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებენ, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში.
„თავიდანვე ვაცნობიერებდით, ჩვენ არ შეგვქონდა სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში. ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ სამართლებრივი გზა დავის, ჩვენ გავაგრძელებთ დავას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში,“ – აცხადებს ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები