ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც არის სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”
ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც არის სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.
მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს არსებულ პრობლემებს საზოგადოებამ ადეკვატური პასუხი გასცა.
“სწორი გადაწყვეტილება არის ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო პირველ ტურში და საზოგადოების მხრიდანაც პასუხი იყო ადეკვატური, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს, აფასებს ყველაფერს ძალიან კარგად.
ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ამ არჩევნებს. გამოწვევები ბევრია. ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ჩვენ ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდებით”,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
მეორე ტურში ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ.