გია აბდალაძე უგულავას: გიგი, შენს სინდისზე იყოს, 28-ში ყველას განაჩენს გამოგიტანთ, ერთი ხროვა ხართ თქვენ

გიგი უგულავამ თავის გულში ჩაიხედოს, თავის გარემოცვაში თავადაც იცის, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბდალაძემ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.
„შენს სინდისზე იყოს გიგი, თქვენს ნამუსზე იყოს, გამოგიტანთ განაჩენს 28-ში ყველას აბსოლუტურად, ერთი ხროვა ხართ თქვენ.
უნდა ივაჟკაცოთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოთ ეგ თვისება და თქვათ, რომ ამ ხალხთან მიმართებაში ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული.
სპეკულიანტობა – ახლა ჩვენ თუ ფოტოაპარატით ვაჭრობას დაგვაბრალებენ თუ კიდე რაღაც ეგეთს, არ ვიცი. მაგრამ, განაჩენი არსებობს, სამართლიანი განაჩენი, ამ განაჩენს ველოდით, თვითონ თავიანთ გუნდში მოიკითხონ, ყველა იქა ჰყავთ პრესსამსახურის ყოფილი წარმომადგენლები, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩემთვის ისინი ერთნი არიან დღესაც, ყოფილები არ არიან, გაიყვნენ გამოიყვნენ. გიგიმაც ძალიან კარგად იცის, ვაშაძემაც ძალიან კარგად იცის, დღეს რომ ამბობს აბდალაძეს არ ვიცნობო. თქვენს გულებში ჩაიხედეთ, თქვენს სინდისზე და ნამუსზე იყოს, თუმცა არ გაგაჩნიათ ეგ, თორემ კაცობა, სინდისი და ნამუსი რომ გქონდეთ, გამოხვიდოდით და ბოდიშს მოგვიხდიდით. ეს არის ელემენტარული, ყველა მტკიცებულება არის იმისა სასამართლოზე, ორი სასამართლო ჩატარდა, ერთზე არის განაჩენი. ადამიანები რომლებიც ჩვენ ციხეში გვაწამებდნენ და გვაიძულებდნენ ის სისულელე გვეღიარებინა, რაც თავის დროზე მათმა ჯგუფმა შეთხზა, ბოკერიამაც ძალიან კარგად იცის, უტიაშვილი, ხიზანიშვილი, შეეკითხონ მათ და გამოკითხონ კარგად. რატომ დაადეს ცხრა გრიფით საიდუმლო უწყების მიერ”, – განაცხადა აბდალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გიგი უგალავა ფოტოგრაფების საქმეს „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა.
„ფოტოგრაფების საქმეს, იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისთვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოს და პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული და როცა ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე საუბრობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი, რომც საბუთები არსებობდეს, საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა იყოს და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი“, – განაცხადა უგულავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები იმიტომ დააკავეს, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები