შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ანკარის ინტერპოლის ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუსუფ ტ. ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ 2014 წლის 12 მაისიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმის ბრალდებით. იუსუფ ტ-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა და საკუთარ სასტუმროს პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმულ პირთა დროებით საცხოვრებლად იყენებდა. დადგინდა, რომ ბრალდებულს 2008-2009 წლებში საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ართვინი-სარფის სასაზღვრო – გამშვები პუნქტიდან თურქეთის რესპუბლიკაში ჩაჰყავდა. იუსუფ ტ. მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევდა, უკანონოდ და იძულებით პროსტიტუციაში აბამდა. იუსუფ ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის თურქეთის კანონმდებლობა 33 წლითა და 94 თვით თავისუფლების აღკვეთას და ასევე 250 000 თურქული ლირით ჯარიმას ითვალისწინებს. ამჟამად დაკავებული აჭარისა და გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QuW7gGvX1gA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]