ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა
ემზარ კვიციანს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კვიციანის წინასწარი პატიმრობის ვადა 28 ივნისამდე გაგრძელდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. როგორც კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში ყოფნით პროკურატურა ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი “უკანონო ბრალდება დააკანონოს”. “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პროკურორები ცდილობენ, ახალი მთავრობაც გარიონ კვიციანის უკანონოდ პასუხისგებაში მიცემაში. მე ვადანაშაულებ პროკურატურას, რომელიც სააკაშვილის დროინდელ ბრალდებებს აკანონებს, რომ ახალი ხელისუფლებაც უკანონო პატიმრობის მონაწილედ აქციოს”, – განაცხადა კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ კვიციანს ერთი მილიონის ღირებულების ქონების გირაოში ჩადების სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატის განცხადებით, მილიონის ქონების ჩადება ემზარ კვიციანის შვილის მეგობრებმა შესთავაზეს სასამართლოს. დაკავებულს თავდებში უდგებოდნენ 33 გენერალი, ვეტერანთა კავშირი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები, თუმცა, ადვოკატის თქმით, სასამართლომ აღნიშნული პირების თავდებობის შეთავაზება არ გაითვალისწინა.
როგორც საქმის პროკურორმა, თენგიზ ხარებავამ განმარტა, ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ემზარ კვიციანის მიერ მიცემული ჩვენების შესასწავლად მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, კვიციანი გამოძიებასთან ადრე არ თანამშრომლობდა და მან ჩვენება ბოლო პერიოდში მისცა. პროკურორის თქმით, ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი ის გარემოება გახდა, რომ ბრალდების მხარე რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.