საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მან დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო შეამოწმეს კერძო აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა, რომლებმაც ისე გასცეს დადებითი დასკვნა, რომ არ მოახდინეს ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობის შედარება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.