შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს (ვიდეო)

„მძღოლებს მოვუწოდებთ, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებისთვის, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების ვალიდურობა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. არსოშვილის განცხადებით, სისტემაში მონაცემების განახლება შესაძლებელია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარებას, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირება. ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება.
მოსახლეობას შევახსენებთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მიღების წესებს. კერძოდ, ჭკვიანი კამერების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.
ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში“,- განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 “ჭკვიანი” ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, ქვეყანაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები