„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების ითვალისწინებს.
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.
22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.