საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში – EUTM RCA 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილეობდა. მშვიდობისმყოფელებმა მისიის წარმატებით შესრულებისთვის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მადლიერების ეროვნული ორდენი და ღირსების ვარსკვლავი მიიღეს. ოცეულის მეთაური – კაპიტანი გიორგი კამკამაძე პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროს მიერ მეფე ალფონს ენრიკეს სახელობის მესამე კლასის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყვნენ განთავსებულნი. ოცეულის ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.
ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიებში 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ISAF- ისა და RSM-ის მისიებში მონაწილეობენ.