შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, 2 მოქალაქეს 4000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
შსს-მ სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)
