პირველი აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპოლოტე პროგრამას იწყებს. რეზერვის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური რეზერვის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წარადგინა. საინფორმაციო კამპანიას აქტიური რეზერვის შესახებ დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, საქართველოს რეგიონებსა და თბილისის რაიონებში უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მსმენელებს აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ხვალ კი, დაგეგმილია ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ურეკში, გურიის მოსახლეობისთვის.
ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.
საბუთები მიიღება 1-ელი აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე – ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; ქ. თელავი – თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისთვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა; ფოტოსურათი 34 – 1 ცალი; ჯანმრთელობის ცნობა და სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21;