„მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება გამოუყოს “
მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება გამოუყოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამასთან, პრემიერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა შესაბამისი რესურსისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის დახმარებას რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ “მეტი-მეტისათვის” პრინციპის ფარგლებში, საქართველოს გამოუყოს დახმარება – 30 მილიონი ევრო. ეს თანხა მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ჩართული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციისკენ, აგრეთვე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისკენ. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა შესაბამისი რესურსისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, იგი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში დღევანდელი სირთულეების გათვალისწინებით, ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას ელის.
“გვჯერა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს აღმოსავლეთ ევროპის პატნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს. “თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის” პროექტი (Europe free, whole and at peace) ჯერ არ შემდგარა და ველით, რომ ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ევროკავშირი აქტიურ როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, რომპეისთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხებო საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
“იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის მისიის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. ამ ნაბიჯით ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავხდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის უსაფრთხოების მექანიზმების მომხმარებელი, არამედ ევროკავშირთან ერთად საკუთარი წვლილი შევიტანოთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, აგრეთვე მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
ამ მხრივ, ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ევროკავშირის არაერთ დასკვნასა თუ პოლიტიკურ განცხადებაშია ნათლად ნათქვამი. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი და ქვეყანაში მშვიდობის რეალური გარანტი. ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ევროკავშირს შეაქვს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობითა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.