„საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს გარე ზეწოლის გარეშე“
მე ვარწმუნებ პრემიერს და პრეზიდენტს, რომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცედ დაუდგება იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად შევუდექით – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც რომპეიმ აღნიშნა, საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს გარე ზეწოლის გარეშე და გარე ზეწოლამ არჩევანი არ უნდა შეცვალოს.
“როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ 27 ივნისს ბრიუსელში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას ყველა ქვეყნის პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით. ეს არის ძალიან სერიოზული ეტაპი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ახალ ურთიერთობას ასახავს. ასევე თქვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ გზის არჩევით საქართველომ გააჟღერა ის, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები, მოქალაქეთა უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა.
მე ვარწმუნებ პრემიერს და პრეზიდენტს, რომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცედ დაუდგება იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად შევუდექით. საქართველო გახლავთ ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს გარე ზეწოლის გარეშე და გარე ზეწოლამ არჩევანი არ უნდა შეცვალოს”, -განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.