„საკუთარ თავამდე იმდენივე მანძილია, რამდენიც ღმერთამდე“, ანუ გოჩა სხილაძის ფილოსოფიური ცხოვრება და ცხოვრებისეული ფილოსოფია

ის ინტელექტუალ, ავატიურისტ ფილოსოფოსს ჰგავს, ამ სიტყვის ყველაზე მშვენიერი გაგებით. ჭეშმარიტების ძიებაში ბევრი იმოგზაურა: დროსა და სივრცეშიც… ყველაზე დიდი აღმოჩენა რაც ბავშვობაში გააკეთა,- ეს სიცოცხლით განცვიფრება იყო… ამბობს, რომ არასოდეს ისურვებს იმ სამყაროში ცხოვრებას, სადაც მის სიტყვებს ექოსავით გაიმეორებენ, რადგან ამას თითქმის ჯოჯოხეთად თვლის,- ვერ იტანს მოსამართი სათამაშო თაგვივით მსგავს ადამიანებს… მისი აზრით, სამყაროში “იმარჯვებს არა ის, ვინც ყველაზე ჭკვიანია, სწრაფია ან მამაცია, არამედ ის, ვისაც ყველაზე მეტად საკუთარი თავის სწამს და არ დუნდება“… გავეცნოთ გოჩა სხილაძის საინტერესო პერსონას…

– ბატონო გოჩა, რომელია, პირველი აღმოჩენა, რაც ცხოვრებაში გააკეთეთ?
– მე პროფესიით თეოლოგი ვარ,- პრინციპში ფილოსოფოსი და თეოლოგი ერთი და იგივეა… ჩემი ცხოვრება ისე დაიწყო, როგორც უმრავლესობის ცხოვრება იწყება… პირველი, რაც ბავშვმა აღმოვაჩინე, ეს სიცოცხლით განცვიფრება იყო… არა მგონია, ამაში ორიგინალური ვიყო,- ეს ყველა ბავშვს ემართება… მაკვირვებდა ელემენტარული რაღაცები: მაგალითად, როგორ წარმოიშობა ხმა დოლიდან ან საყვირიდან? მერე ვამტვრევდი მათ, რათა ეს გამეგო. მერე ვერაფრით ვიგებდი სად მიდიოდნენ ადამიანები, როცა კვდებოდნენ? ეს შეგრძნება მოზარდობის წლებშიც გამყვა. დავიწყე კითხვა, ვკითხულობდი ყველაფერს და შეშლილივით… ყველგან ვეძებდი ჩემს კითხვებზე პასუხს… ამის გამო მონასტერშიც ვცხოვრობდი და სემინარიაშიც ჩავაბარე. ცხოვრებაში უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი, – ქართველი პოეტებიდან დაწყებული ამერიკელი მქადაგებლებით დამთავრებული.
– შემდეგ ამ მარადიული კითხვებით პოეზიასა და ფილოსოფიაში გადაიჭერით…
– დიახ, ლექსების წერა დავიწყე. გატაცებული ვიყავი ფილოსოფიითა და რელიგიების შესწავლით… 21 წლის ვიყავი, როცა მარტინ ჰაიდეგერის ყოფიერება და დრო რამდენჯერმე წავიკითხე… გატაცებული ვიყავი კრიშნამურტით, სუფიზმითა და ნეოპლატონიზმით, მამარდაშვილით, ძენბუდიზმით…
– თქვენი ერთი ლექსი, სადაც სიცოცხლის “რებუსები“ პოეზიის ენითაა გადმოცემული…
– დაახლოებით ამგვარი განწყობაა ჩემს ლექსში, რომელსაც „ძილი“ ჰქვია:
„აქეთ თვალგახელილი ცრემლიანი ბრმებია,
აქეთ შენი სიცოცხლე სიკვდილს დაუბრებია,
მიმოდიან ტალღები – ჩუმი საუბრებია,
ინთებიან ვარსკვლავნი, ინთებიან, ქრებიან.
ვარდებისკენ ქარები ისევ გადიხრებიან,
ვხედავ ბავშვის კულულებს და მის ავსიზმრებიან
ძილში ალვა იჭრება, მყინვარები დნებიან,
გრიგალი და სინათლე ერთად დაიძვრებიან,
თითქოს არც კი ყოფილან, არც ვის დასიზმრებიან“.
– ბატონო გოჩა, რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე გამოეცით საკუთარი ლექსების კრებული.10318738_743663358998162_538719842_n
– მე 3 პოეტური კრებულის ავტორი ვარ: “მკვდართა მზე“, “დიდი მზესუმზირა“ და „ამბორი სიბნელეში“…
– არის ასაკი, როცა ყველაზე პრაგმატულ ადამიანსაც კი თავში „გიჟური გეგმები“ აქვს, როგორ გაიხსენებდით იმ დროს?
– ერთ ამბავს გავიხსენებ: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩემს მეგობართან, თემურაზ ნიქაბაძესთან ერთად, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, თურქეთის საზღვარზე გადავიპარეთ… თავში, მართლაც, გიჟური გეგმები გვქონდა, საფრანგეთში გადასვლა და იქ სწავლა გვინდოდა… მერე საფრანგეთში ვერ წავედით და უკან მოგვიწია დაბრუნება. ამის მერე მე და ჩემი მეგობარი გარეჯის მონასტერში საკმაოდ დიდხანს ვიყავით… მაშინ მონასტრები თითქმის ცარიელი იყო… იმ დროს მხოლოდ ეს კითხვები მაწუხებდა: რას წარმოადგენდა ჩვენი არსებობა და რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ? ვფიქრობდი გამეგო: თუ იყო შესაძლებელი, რომ ამ კითხვებისათვის სიცოცხლეშივე გამეცა პასუხი… მონასტერში გიორგი მეთორმეტის სენაკში უნივერსიტეტის ნაჩუქარი წიგნები იყო, დღე ვკითხულობდი, ხოლო ღამე გარეჯის უდაბნოში დავხეტიალობდი…
– როგორ აღწევთ თავს მოწყენილობას?
– მოწყენილობა ისეთი რამეა, რაც არ უნდა გულის კარი ჩავუკეტოთ, ჭუჭრუტანას მაინც იპოვის სხივივით და გვესტუმრება. მისგან დამალვა ყველაზე დიდი გმირობაა თუ მოვახერხეთ… მაგრამ ვინ ახერხებს? აქ, ცოცხლების სამყაროში, მისგან დამალვა შეუძლებელია.. .ის სიკვდილის ჩრდილია… ის ყველაზე აბეზარი სტუმარია ყველა სტუმართაგან, რომელთანაც არ ჭრის, არ მცალია, შინ არა ვარ… მოწყენილობისთვის ჩვენ ყოველთვის “შინა” ვართ და მასაც არასდროს ეზარება ჩვენი მონახულება… ის ერთადერთია, ვისაც ორგულობაში და ღალატში ვერ დავადანაშაულებთ, მეგობრებს კი არ ჰგავს, რომ გადაიკარგებიან და გვივიწყებენ ხოლმე…
– სულიერი განმარტოების მერე მოსკოვში სწავლა და უცხოეთში ცხოვრება გააგრძელეთ… სხვადასხვა სიტუაციაში თქვენი ემპირიული ცოდნაც უფრო გამდიდრდა, შესაბამისად, იმატა ცნობისმოყვარეობამ…
– არ ვიცი, ვისთვის უნდა იყოს საინტერესო, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ გაბმული განცვიფრებისა და სიცოცხლით თავზარდაცემისგან შედგება. საცხოვრებლად რუსეთში გადავედი და მოსკოვის თეოლოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. სწავლის დროს რექტორის დიდი ნდობა დავიმსახურე და მან ბიბლიოთეკის შედგენა დამავალა, ჩემი სურვილით ვყიდულობდი ნებისმიერ წიგნს, ასე რომ, წიგნების პრობლემა არ მქონია… მოსკოვის მერე გერმანიაში ვცხოვრობდი. უცნაურ სამყაროში ვართ, – ზვავით მოულოდნელად გვატყდება ხოლმე თავზე: უბედურებები… სიყვარული… სიკვდილი… დროის უმეტეს ნაწილში კი მხოლოდ თოჯინებად ვგრძნობთ თავს…
– მიუხედავად უცნაური წინააღმდეგობებისა, სიცოცხლე მაინც სასწაულია… რას ფიქრობს ამის თაობაზე ფილოსოფოსი გოჩა სხილაძე?10346754_743663495664815_1136106229_n
– რა გითხრათ? ყველაფერი ისეა შექმნილი, ვერც ვერაფერს გამოაკლებ, ვერც ვერაფერს მიუმატებ… მიუხედავად იმისა, ცხოვრება ლაბირინთია, – ძალიან საინტერესოა… სიცოცხლე ეს ყველაზე დიდი საიდუმლო და სასწაულია… მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მაინც სასწაულებს ეძებენ… ამას ვერასდროს ვიგებდი და არ მესმოდა… კიდევ რა შემიძლია, ვთქვა? ის, რომ ყოველ წელს მთაში ფეხით მივდივარ … მარტო გავდივარ დიდ მანძილს რამდენიმე დღე ვრჩები… უზომო გაკვირება მომიცავს ხოლმე, როცა ალპურ ზონაში ავდივარ…
– მაგრამ გამონაკლის შემთხვევებიც ხომ არის: როცა ადამიანი გარკვეული მეტამორფოზის შემდეგ ის ხდება, რაც სინამდვილეშია…
– ჩემი აზრით, მხოლოდ სიყვარულის შემთხვევაში გარდაიქმნება ადამიანი ნამდვილ არსებად… მაშინ ჩვენში ანგელოზი სახლდება და მას ავიწყდება, რომ არსებობს დრო, რომელიც უცვლელს არაფერს ტოვებს… საერთოდ კი ყოველთვის მაკვირვებდა, თუ როგორ განაპირობებდა რელიგია, კულტურა და ტრადიციები ადამიანის ცხოვრებას… ადამიანები მოსამართი სათამაშო თაგვებივით იყვნენ მართულები თავიანთი კულტურებითა და რელიგიებით და დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ სიმართლეში, სხვა რელიგიათა და ტრადიციათა სიცრუეში… მერე მივხდი, რომ წინააღმდეგობა და დაპირისპირება ღმერთის უდიდესი საიდუმლოა, ურომლისოდაც სამყარო უინტერესო იქნებოდა, შეიკუმშებოდა და მის მანათობელ წერტილს დაუბრუნდებოდა… ვის ენდომებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მის სიტყვებს ექოსავით გაიმეორებდა ყველა… ეს ხომ თითქმის სიკვდილი და ჯოჯოხეთია… განსხვავებულობა და დაპირისპირება ყველაზე დიდი საიდუმლოა… სწორედ ეს ქმნის მოძრაობას და სიცოცხლეს… სწორედ დაპირისპირებულობა რეალურს ხდის, მას რაც სიზმრისეულია და ამკვრივებს, მყარად აგრძნობინებს თავს ადამიანს და არა მარტო ადამიანს მყარად, მასაც ვინც ადამიანის უკან დგას…

თეონა გოგნიაშვილი

10346921_743663468998151_1491594639_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები