ნოშრევან ნამორაძეს პატიმრობა შეეფერდა – რას ყვებოდა ბრალდებული სასამართლო პროცესზე
ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სულში ჩაფურთხებული ვარ დღემდე, ამან გამოიწვია ჩემი განრისხება, – დავით კოდუას ცემაში ბრალდებულმა ნოშრევან ნამორაძემ ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ის კოდუების ქმედებების გამო მათაგან ბოდიშს მოხდას ითხოვდა, რაც ვერ მიიღო.
“ჩემთვის მძიმე და მტკივნეულია შევეხო იმ თემას, რამაც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა, რაც იმ დღეს მოხდა. 2008 წელს ჩემი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს შეიძლება ბევრი ოჯახისთვის ახალი არ იყოს. თუმცა ერთ-ერთი ვიყავი მე. კოდუების ოჯახმა გაგვანადგურა და დაგვტოვა ქუჩაში. ერეკლე და დავით კოდუებმა დაავალეს ნუკრი ჩიკვილაძეს ჩემთვის ნარკოტიკის ჩადება. ჩამიდეს დიდი ოდენობით ჰეროინი. ჩემთვის ქონების წართმევა და მატერიალური მხარე უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მოხდა. ნარკოტიკთან შეხება საერთოდ არ მქონია. შემჩნეულიც არ ვყოფილვარ, თუმცა ისინი დადიოდნენ ქალაქში და ყველას ეუბნებოდნენ, რომ მე აღმომაჩნდა ჰეროინი. ამასთან, ჩემი მეუღლე ქუჩაში ჩამოაგდეს და ის მანქანა წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. ამის შემდეგ დამაკავეს”, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასზე ზეწოლა გაგრძელდა და კვლავ აიძულეს ქონება დაეთმო. ამასთნ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ 500 ათასი ლარი გადაახდევინეს.
“ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზეწოლა გაგრძელდა. მე ვიყავი “ტიფლის დეველოპმენტის” დამფუძნებელი. მაიძულეს, რომ დამეთმო ეს ქონება. ჩემი მეუღლე და დედაჩემი წავიდნენ ნოტარიუსში და ეს ქონება გადააფორმეს 200 ლარად კოდუებთან დაახლოებულ პირ გოგა ზაქაიძეზე. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რაც მოხდა იმ დღეს. მე უბრალოდ, ვითხოვდი ადამიანურ ბოდიშს, რაც არ მომხდარა და სულშიჩაფურთხებული ვარ დღემდე. ამან გამოიწვია სწორედ ჩემი განრისხება, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ნამორაძისთვის პატიმრობის შუამდგომლობისას განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დაუდგენელი პირების მიმართ ზეწოლის საფრთხე არსებობს. პროკურორის ინფორმაციით, დავით კოდუას ცემაში ნოშრევან ნამორაძესთან ერთად ორი პირი მონაწილეობდა, რომელთა ვინაობა დაუდგენელია და შესაძლოა, მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში გამოძიებას ხელი შეეშალოს. აღნიშნულის საპასუხოდ ბრალდებულის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა განმარტეს, რომ ბრალდებული თავად ჩაბარდა გამოძიებას, ხოლო მიმალვა რომ სდომოდა, აღნიშნულ ქმედებას არ ჩაიდენდა. ადვოკატების მტკიცებით, ინციდენტის დროს, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილზე მარტო იმყოფებოდა და ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ნამორაძე სხვა პირებთან ერთად მოქმედებდა.