ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი გადაიდო
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის დავით ხალვაშის, მეტსახელად “ქელფეთას” სასამართლო პროცესი 3 ივნისამდე გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილს ხალვაშის ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის განცხადებით, მან პროცესის გადადება საქმის მასალების გაცნობის მიზნით მოითხოვა, რადგან ის აღნიშნულ საქმეზე 2 მაისიდან მუშაობს და არ იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონკრეტულად რაში ედება ბრალი.
“მოვითხოვე სასამართლოს გადადება იმიტომ, რომ საქმის მასალებს უნდა გავეცნო, გავიგო, რაში ედება ბრალი. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა და 3 ივნისამდე გადაიდო პროცესი”, – განაცხადა ვაჟა ხახუტაიშვილმა.
როგორც დავით ხალვაშის სიმამრმა როსტომ ჯაფარიძემ განაცხადა, მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. “განსასჯელი საქართველოში ჩამოვიდა ნებაყოფლობით, რომ მონაწილეობა მიეღო სასამართლოს მიმდინარეობისას. სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს “, – აღნიშნა როსტომ ჯაფარიძემ.
დავით ხალვაშმა 2004 წლის აჭარის რევოლუციის შემდეგ დატოვა ბათუმი. მის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დავით ხალვაშს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, აქციების დარბევის ორგანიზება და ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცება. დავით ხალვაში სამართალდამცველებმა საქართველოში შემოსვლის დროს, 2014 წლის 22 აპრილს, სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე დააკავეს.