35 კილოგრამი ბიო, ე.წ. სპაისი გაანადგურეს
გაფორმების ეკონომიკური ზონა “თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-სა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი, დაახლოებით 35 კილოგრამი ბიო, ე.წ. სპაისი გაანადგურეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2013-2014 წლებში გამოვლენილია ე.წ. სპაისების (მცენარეული წარმოშობის მოსაწევი საშუალების და, ასევე, ფხვნილის) ინტერნეტის საშუალებით შესყიდვებისა და საფოსტო გზავნილების სახით შემოტანის 317 ფაქტი. დაფიქსირდა ბიოს მგზავრების მიერ შემოტანის ფაქტებიც. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელსაც ასევე გაეგზავნა ნიმუშები შემდგომი ექსპერტიზისა და რეაგირებისათვის.
“ბიო “სპაისის” ზემოქმედება ბუნებრივი წარმოშობის კანაბინოიდების იდენტურია და შეიცავს “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებული ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში შემავალ ნივთიერებებს. ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში განხორციელდა რიგი ცვლილებები (კერძოდ, ცვლილება შევიდა კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” და 2014 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ). შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას ექვემდებარება”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.