ოქრუაშვილის პარტიიდან გორის მერობის კანდიდატი კახა ერგემლიძე იქნება

 გორში “ქართული პარტიის“ მერობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის ნაცვლად კახა ერგემლიძე იქნება. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “პოზიცია“ საუბრისას განაცხადა.
“მოხდა ისე, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა. თავიდანვე მზად ვიყავი მოვლენების ამ სურათით განვითარებისთვის, მქონდა გეგმა – ბ. ეს გეგმა ასეთია: მე ვაპირებ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამოაზრე, დიდი ხნის მეგობარი, გორის საკრებულოს ყოფილი წევრი კახა ერგემლიძე დავასახელო ჩემი პარტიიდან გორის მერობის კანდიდატად. კახა ერგემლიძეს თბილისში არ იცნობენ, მაგრამ მას გორში აქვს წესიერი, განათლებული და თავისი საქმის უბადლოდ მცოდნე ადამიანის სახელი. მისი კანდიდატურის შესახებ განაცხადი დღეს საოლქო კომისიაში უკვე შევიტანეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ის ყველა პირობას დააკმაყოფილებს. არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე ის მე ვიცე-მერად დამნიშნავს, ამ დუეტით ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ დანაპირების შესრულებას, რასაც წინასაარჩევნოდ გავცემთ “, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოქრუაშვილმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ცესკოს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ცესკოს 22 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა გორის საოლქო – საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვით ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები