„პატრიარქის პოზიცია იყო ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის თემაზე მეტი დიალოგი გამართულიყო“

მე ვესაუბრე პატრიარქს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მისი სურვილი და პოზიცია იყო ის, რომ ამ თემაზე მეტი დიალოგი გამართულიყო – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა. დეპუტატი უწმინდესის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუ აღნიშნული კანონის განხილვა მეტად საჯარო გახდებოდა.
რაც შეეხება საფრთხეებს, ბესელიას თქმით, ამ კანონში არანაირი საფრთხე არ არსებობს.
“ანტიდისკრიმიაციულ კანონში არ არსებობს საფრთხეები, რომელიც საზოგადოების მორალს, ზნეობას, ეკლესიას, მრევლს პრობლემას შეუქმნის. კანონი არასწორადაა განმარტებული, ვიღაცები ამას შეგნებულადაც აკეთებენ – სწორედ ამიტომ ჩვენ კანონი კიდევ დავხვეწეთ. რამდენჯერმე შევხვდი საქართველოს პატრიარქს, პირადად ვესაუბრე ამ თემაზე – განცხადების გაკეთებამდეც და შემდეგაც. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ბრძენი, მართლაც, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიარქი გვყავს, ყველამ მას უნდა მიბაძოს, კატეგორიული ტონით საუბარი არ შეიძლება. პატრიარქს არ აქვს კატეგორიული პოზიცია და ის ამბობს, რომ ძალიან სახიფათოა კატეგორიული მიდგომები. პატრიარქის პოზიცია იყო, რომ მეტი დიალოგი გამართულიყო. მეც მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, მეტი დრო და საჯაროობა ყოფილიყო ამ კანონის განხილვისთვის. მაგრამ ვნახე რა ამ კანონის შინაარსი, დავრწმუნდი, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს და ცოდვების დაკანონებას არ აქვს ადგილი “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები