“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დამტკიცდა

   პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 28 დეპუტატი წავიდა. „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფარგლებში ახალი ორგანოს – მონიტორინგის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. მონიტორინგის საბჭოში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წარმომადგენლები შევლენ. შესაბამისად, ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედებას სამსახურიდან მათი გათავისუფლება აღარ მოჰყვება და ამ ფორმით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სისტემაში დარჩებიან.
პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს წევრების ძირითადი უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორისთვის რეკომენდაციების გაცემა იქნება. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მონიტორინგის საბჭოს წევრებს სამეურვეო საბჭოს წევრებზე 20%-ით დაბალი ხელფასი ექნებათ. ამასთან, თუკი მონიტორინგის საბჭოს წევრი ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორ სხდომას არ დაესწრება, მისი ხელფასი ნახევრდება, შემდეგი გაცდენის შემთხვევაში კი, ანაზღაურება არ მიეცემა. პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება მისი ბოლო წევრის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე შეუწყდება. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც სამეურვეო საბჭოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუნარჩუნა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები