ვინ არიან პარიზში სპეცოპერაციის დროს დაკავებული „კანონიერი ქურდები”

პარიზსა და პარიზის გარეუბანში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ, 35-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება, თუმცა, საგამოძიებო ორგანო დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ „კანონიერ ქურდებს“ შორის არიან: 36 წლის ნოდარ გამისონია და 37 წლის გიორგი ფოლადაშვილი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „სინკარას“ მეტსახელით იცნობენ. ორივე მათგანი „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს თურქეთში „მონათლეს“.
ასევე, დაკავებულია 38 წლის რევი დარახველიძე, რომელმაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2000 წელს, თბილისში მიიღო. სხვადასხვა დროს დაპატიმრებული იყო საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში.
დაკავებულთა შორისაა „კანონიერი ქურდი“ ილია ხელაია და ნიკოლოზ ნოდია, იგივე „ნიკო თბილისკი“. ეს უკანასკნელი „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს „მონათლეს“. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის წლების წინ (1997წელს), მცირე ხნით, სასჯელს საქართველოს ციხეში იხდიდა.
სპეცოპერაციის შედეგად „კანონიერ ქურდებთან“ კავშირში მყოფი არაერთი პირი აიყვანეს. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინის გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით, გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტეროპოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 დაკავებულიდან 8 ქართველია. დაკავებისას, პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები