საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.
წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.

კონფერენციის მიზანი არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებული საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობაა.

რიგით მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები