თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ 4 პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები