„არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ უჩა ნანუაშვილი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან“
არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ უჩა ნანუაშვილი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„პრაიმტაიმი“ წერს, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს ირგვლივ არაერთი სკანდალი აგორდა. ბრალდებების მთავარი ადრესატი ტრადიციულად პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თეთრუაშვილი ტერორიზმის მფარველობაში ამხილეს. ითქვა, რომ სწორედ ამ ქალბატონისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის ხელშეწყობით თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე პატრიარქის სახლში ტერორისტები აფარებდნენ თავს.
„ეს სკანდალური ინფორმაცია პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში, ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე გაჟღერდა. მოგვიანებით, ინფორმაციამ მედიაშიც გამოჟონა და გაირკვა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა გერმანიიდან სკაიპით დაკითხვის დროს ილია მეორის სახლი ტერორისტების თავშესაფრად გამოაცხადა. ოხანაშვილის განცხადება სატელევიზიო ეთერებში ერთმანეთის მიყოლებით დაამოწმეს ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა, ოხანაშვილის მეგობარმა ტარას შავშიშვილმა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფემ პეტრე ცაავამ.
ტრადიციულად, აღშფოთდა სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური სპექტრისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილი. თითქოს ყველა შეთანხმდა, რომ პატრიარქის სახლი ტერორისტების კონსპირაციულ ბუნაგად იყო ქცეული, თუმცა მთელ ამ ისტორიას აქვს მეორე მხარე, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი საზოგადოების ორმაგ სტანდარტებს. მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით:
რას ვეყრდნობით, როდესაც საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ტერორისტებად მოვიხსენიებთ? ინფორმაციის მთავარი წყარო თურქეთის პროკურატურაა, რომელიც ქართულ მხარეს მათ მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი პირების დაკავებასა და ექსტრადირებას სთხოვს. სხვადასხვა ინფორმაციით, ერდოღანის ხელისუფლებამ საქართველოში საკმაოდ ვრცელი სია გადმოაგზავნა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ტერორიზმში სდებს ბრალს.
ცნობილია, რომ თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია წერს, რომ ერდოღანის ხელისუფლება ტერორიზმის საბაბით ქვეყანას ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეებისგან წმენდს, რომელთა სახელს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკავშირდება, თუმცა გიულენის მოძრაობის განეიტრალების პარალელურად თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მთლიანად გაასუფთაოს ოპოზიციური ველი, ამ რეპრესიებს კი, როგორც ჩანს, ვერც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ლაზები გადაურჩნენ. მაგალითად, მუსტაფა ზორლუჯანი, რომელიც ბოლო დღეებში აგორებული სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რამდენიმე წლის წინათ თურქეთის ხელისუფლებამ თანამოაზრეებთან ერთად სტამბოლში დააპატიმრა. მაშინ „თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდი“ საკუთარ ანგარიშში წერდა, რომ დაკავებულები ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც თურქეთში ჯერ კიდევ არ იყო მასობრივი რეპრესიები დაწყებული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე მათგანი საქართველოში გადმოვიდა, თუმცა ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონირება აქტიურად განაგრძო, შედეგად კი ანკარიდან თბილისში გამოიგზავნა საბრალდებო დასკვნა, რომლის საფუძველზეც თურქეთის პროკურატურა საქართველოში მყოფი მუსტაფა ზორლუჯანისა და მისი მეგობრის, ალი ნაზლიგულის გადაცემას მოითხოვდა. ზორლუჯანი თურქულ მხარეს მართლაც გადასცეს, ალი ნაზლიგულის, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრის, ფინარ ნაზლიგულის ბედი კი ჯერაც გაურკვეველია. მათ სოზარ სუბარის უწყებამ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც უარი უთხრა. სტატუსზე უარი ეთქვა დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრი ჩაბუქსაც, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირსა და ტერორიზმს ედავება.
ერთი მხრივ, საქართველოს ოფიციალური უწყებების მიდგომა მოსალოდნელიც იყოს. კონკრეტული საქმეების გამო, მათ არ სურთ სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობების გაფუჭება, რამაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაც დააზარალოს, მაგრამ რატომ დუმს სამოქალაქო სექტორი ზორლუჯანისა და ნაზლიგულის საქმეზე მაშინ, როცა იგივე საზოგადოება აქტიურად იცავდა სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მხილებული მუსტაფა ემრი ჩაბუქის ინტერესებს? სახალხო დამცველით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული ყველა ეჭვობდა, რომ ემრი ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალი პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა, ეს ადამიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
თუკი ქართული სამოქალაქო სექტორი უნდობლობას უცხადებს თურქეთის პროკურატურის ვერსიას მუსტაფა ემრი ჩაბუქის მიმართ, მაშინ საინტერესოა, რითი დარწმუნდა იგივე საზოგადოება მუსტაფა ზორლუჯანის ბრალეულობაში? რატომ მოიხსენიებენ მას ტერორისტად, რომელიც „პატრიარქის სახლში იმალებოდა“? რატომ წარმოვაჩინეთ ეთნიკური ლაზები ტერორისტებად, იგივე მუხლით ძებნილი მუსტაფა ემრი ჩაბუქი კი – კეთილშობილ პროფესორად?“, – წერს სტატიის ავტორი.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ამ ორმაგ სტანდარტს სინამდვილეში მარტივი ახსნა აქვს: გარკვეულ პირებს სურდათ საპატრიარქოსთვის მორიგი დარტყმა მიეყენებინათ და ის ტერორიზმის თავშესაფრად წარმოეჩინათ.
როგორც მოგეხსენებათ ეს ამბავი პირველად ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლოზე გაჟღერდა სოსო ოხანაშვილის მიერ. ვსვამ ელემენტარულ კითხვას – რა კავშირი ჰქონდა ციანიდის საქმესთან ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, არანაირი. მათ სურდათ საპატრიარქოსთვის მორიგი დარტყმის მიყენება, რომ თითქოს საქართველოს ეკლესია ტერორისტებს მფარველობს. სინამდვილეში, ლაზურ პროექტს, რომელსაც პირადად მე ვახორციელებ, არანაირი შეხება საპატრიარქოსთან არ გააჩნია. პატრიარქი ბევრ ქართულ საქმეს, მათ შორის ამ პროექტს მხარში ედგა, რაც გამოიხატებოდა ჩვენი თანამოძმე ლაზების მიღება-გამასპინძლებასა და დალოცვაში. ეს ხალხი პატრიარქის სახლში არ ცხოვრობდა. ეს არის ურცხვი ტყუილი. ისინი წლებია საქართველოში იმყოფებიან და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათ ამის საჭიროება არ ჰქონიათ. ყველა ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ლაზური ენითა და კულტურით, მოდის და ეცნობა ამ პროექტს“ -აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
მისი თქმით, სხვადასხვა სახის დეზინფორმაციები მიზანიმართულად ვრცელდება.
„ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომლის ერთ-ერთი ფრაგმენტი გახლავთ ამ დეზინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი ძალა, რომელიც უკვე დაუფარავად და აქტიურად ებრძვის ეკლესიას. ზოგს შეგნებულად და ზოგს შეუგნებლად, იყენებენ ამ საქმისთვის, თუ შორენა აღმოჩნდება ათას სკანდალში გახვეული, შესაბამისად, ამით დარტყმას მიაყენებენ პატრიარქს. გახსოვთ ხომ, რა აღარ თქვეს მასზე, გველის შხამით დაწყებული, ჯადოების კეთებით დამთავრებული, ყველაფერი დააბრალეს. მას თუ დამნაშავედ წარმოაჩენენ, ეს პირდაპირ დაარტყამს პატრიარქის ავტორიტეტს. სწორედ ამაზეა გათვლა. პირდაპირ პატრიარქზე ვერ ამბობენ, რადგან იციან, რომ ეს წამგებიანია, ამიტომ ურტყამენ სხვა მხრიდან“, -აცხადებს ანდრიძე.
კითხვაზე თურქეთი რით ასაბუთებს ამ ადამიანების ბრალეულობას, ანდრიაძე შემდეგნაურად პასუხობს:
„თურქეთი ამას ვერ დაასაბუთებს, რადგან ამ ადამიანებს არავინ მოუკლავთ, არაფერი აუფეთქებიათ და, შესაბამისად, საუბრები ტერორიზმსა და მკვლელობებზე არის სრული აბსურდი. მათ დევნიან პოლიტიკური ნიშნით, რადგან მხარს უჭერენ თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ერდოღანის ხელისუფლება ყველა ასეთ ადამიანს განიხილავს პირად მტრად, ტერორისტად, მოღალატედ და ა.შ. ათი ათასობით ადამიანია უკვე გასამართლებული აღნიშნული მუხლით, მათ შორის ჟურნალისტები, ექიმები, მოსამართლეები და სხვ… ჩვენს ლაზებს არანაირი შეხება არ აქვთ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან. ჩვენი საზოგადოების 90 პროცენტი იცავს მუსტაფა ემრი ჩაბუქს, რომელიც ამ საქმესთან კავშირში ამხილეს, მაგრამ ტაშს უკრავს უდანაშაულო ლაზების დევნას. ადამიანების, რომლებიც არც გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, არც ტერორიზმში და არც სხვა დანაშაულში. ისინი ღიად აპროტესტებენ თურქეთის ხელისუფლების მართვის სტილს და მეტიც, ეს ხალხი არის საქართველოს პატრიოტი… მე მიკვირს, საზოგადოების ეს ორმაგი დამოკიდებულება. მაგალითად, სახალხო დამცველი ლამის ისტერიკაშია ჩავარდნილი ემრი ჩაბუქის საქმეზე და ხმას არ იღებს საქართველოს პატრიოტი ლაზების საქმეზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ უჩა ნანუაშვილი, მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო, რომელსაც გართულება აქვს პროქართულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დიახ, ჩვენ მივმართეთ წერილობით სახალხო დამცველს და ხმაც კი არ ამოუღია. ზრდილობის გამო, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. არაერთხელ მოვითხოვე სატელევიზიო დებატები მასთან, მაგრამ არ მოდის პირდაპირ ეთერში, რომ დავუმტკიცო მისი უპასუხისმგებლო ქმედებები. არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ადამიანი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც თავგამოდებით იცავენ მუსტაფა ემრი ჩაბუქს და არაფერს ამბობენ საქართველოს პატრიოტი ლაზების შესახებ“, -აცხადებს გიორგი ანდრიაძე.