საქართველოს შსს-სა და ყატარის შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ–ხალიფას შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართალდაცვით და პოლიციური განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების დეტალებზე იმსჯელეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.
შს მინისტრი ყატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოს შსს–ს მიერ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ დონეზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, 13 პარტნიორ ქვეყანაში პოლიციის ატაშეების წარგზავნამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.